ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე ცნობილია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი – პრემიერის პირადი ფავორიტი, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. როგორც ჩანს, ივანიშვილს კანდიდატის შერჩევისას წინააღმდეგობა არ შეხვედრია – პრემიერის თქმით, მხოლოდ ერთ, მისი აზრით, იდეალურ კანდიდატურაზე იყო მსჯელობა და ის ერთხმად შეარჩიეს.
მიუხედავად პრემიერის ცხადად გამოხატული სიმპათიებისა, ზოგიერთი ამ გადაწყვეტილებამ მაინც გააკვირვა, რადგან მარგველაშვილი, გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში გამოუცდელია, ივანიშვილის სხვა თანაგუნდელებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულიც არის. აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მარგველაშვილის, როგორც მინისტრის საქმიანობა, დადებითად 29%-მა შეაფასა, რაც ბევრად ჩამოუვარდება არაერთი მინისტრის რეიტინგს – მათ შორის, ირაკლი ალასანიას, რომელსაც პრეზიდენტობის ცხადად გამოხატული სურვილი ჰქონდა.
მიუხედავად მარგველაშვილის ნაკლებ პოპულარობისა არაერთ თანაგუნდელთან შედარებით, თავად ივანიშვილი და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი კანდიდატი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს და იოლად დაამარცხებს როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე ნებისმიერ სხვა კანდიდატს.
მეორე მხრივ, რეიტინგებს მიღმა, საგულისხმო ტენდენციები გვაჩვენა 2013 წლის შუალედურმა საპარლამენტო არჩევნებმა. ამ შედეგებმა ზოგი საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის შესაძლებლობაზე აალაპარაკა იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს 50%-იანი ბარიერის გადალახვას. გარდა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებისა, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ შალვა ნათელაშვილი და ნესტან კირთაძე. სავარაუდოდ, კენჭს იყრიან ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი. საკუთარი კანდიდატურის დაყენება არც ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ გამორიცხა. რეიტინგებიდან გამომდინარე, მათ არჩევნების მოგების შანსი პრაქტიკულად არ გააჩნიათ.
NDI-ის კვლევის მიხედვით, სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატად ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე რესპონდენტების 3%-მა, ხოლო ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი – 2%-მა დაასახელა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კახა კუკავას მსგავსად, მათაც წაიღონ ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი. თბილისში, ქართული ოცნების გამარჯვებულმა კანდიდატმა, თამარ კორძაიამ, ხმების 40%-ზე ნაკლები მიიღო, მაშინ როდესაც წინა არჩევნებზე ქართულ ოცნებას 70%-ზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო მეორე ტურის თემა სწორედ ამ შედეგების შემდეგ გახდა აქტუალური. ნაძალადევში ხმების 17.26% კახა კუკავამ წაიღო, ნაციონალური მოძრა-ობა კი მესამე ადგილს დასჯერდა – 15.11%-ით.
ეს შედეგები ქართულ ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც გამოწვევების წინაშე აყენებს. მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტორი, თუ ვინ როგორ შეძლებს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან შუალედურ არჩევნებზე აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო. ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, შესაძლოა, ჩათვალონ, რომ კოალიციის კანდიდატი ისედაც იმარჯვებს, ან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა დაკარგონ იმედი. მარცხის შემთხვევაშიც, ნაციონალური მოძრაობის ამოცანაა, სხვაობა რაც შეიძლება მცირე იყოს. ქართული ოცნების მიზანი კი, პირველივე ტურში გამარჯვებასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის მარგინალიზება გახლავთ.
სხვა გაცხადებულ კანდიდატებთან შედარებით, ამჟამად ყურადღება კონცენტრირებულად გიორგი მარგველაშვილისკენაა მიმართული. კანდიდატს ყურადღება არც მანამდე აკლდა – მინისტრობის პერიოდში ის რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა, რაც ბევრმა პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად ჩათვალა. მოგვიანებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების ინიციატივა იყო, რისთვისაც მარგველაშვილი ბევრმა შეაქო. თუმცა გადაწყვეტილება სახელმძღვანელოების ბაზარზე გამომცემლების უმრავლესობას გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან სახელმწიფო საავტორო უფლებების მქონე გამომცემლობების გვერდის ავლით დაბეჭდავს დასარიგებელ სახელმძღვანელოებს.
ერთ-ერთი უკანასკნელი და დასამახსოვრებელი განცხადება მისი მხრიდან შრომის კოდექსის კანონპროექტს შეეხებოდა, როდესაც მან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში განაცხადა, რომ კოდექსი კოშმარი იქნება ბიზნესმენებისთვის და უმუშევრობას, რაც ქვეყნის ნომერი პირველი პრობლემაა, გაზრდის. პროექტს მან როზა ლუქსემბურგის ოცნებაც უწოდა. მოგვიანებით კი თქვა, რომ წუხს თავისი განცხადების გასაჯაროების გამო და გუნდის საწინააღმდეგო მოსაზრებებზე საჯაროდ საუბარი არ სჩვევია.
ოპონენტებმა მარგველაშვილს აგვისტოს ომის შესახებ წარსულში გაკეთებული განცხადებებიც შეახსენეს. 2010 წელს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ის აცხადებდა, რომ იმ პოლიტიკური სისტემის ნაწილი ვართ, რომელმაც წელიწად-ნახევრის წინ გადაწყვიტა, სამხედრო ძალით რუსეთისთვის წაერთმია ტერიტორიები – რასაც სიგიჟედ აფასებდა. მარგველაშვილს ოპონენტებმა პრორუსულ ნინო ბურჯანაძესთან კავშირიც არ დაუვიწყეს, რადგან ის ბურჯანაძის მიერ 2008 წელს დაარსებულ დემოკრატიული განვითარების ფონდის მრჩეველთა საბჭოში იყო.
კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი მარგველაშვილის ბიოგრაფიიდან ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან მოკლე ხანში ლიბერალში გამოქვეყნებულ წერილია, სადაც ივანიშვილის გამოჩენას ისე განიხილავდა, როგორც ქართულ პოლიტიკაში მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალის სახით რუსეთის მონაწილეობას. „მის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში გარკვეულწილად დადებითი პროცესი შეიძლება მოჰყვეს. ეს არის შემთხვევა, როდესაც რუსეთი გვთავაზობს, უფრო სწორად, ცივილიზებულ სამყაროს სთავაზობს და არა მაინცდამაინც ჩვენ, ე.წ. Soft Power Solution-ს, ანუ არა ძალადობით, არა ტანკებით, არამედ ქართულ პოლიტიკაში წარმოდგენას მისთვის მისაღები პოლიტიკური ძალის სახით", – წერდა მარგველაშვილი.
კანდიდატად დასახელების შემდეგ მარგველაშვილი პასიურობას არჩევს. გარდა იმისა, რომ აქტიური კამპანია არ დაუწყია, პროაქტიულად არ ეხმაურება არც ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს – მაგალითად ისეთს, როგორიც იყო 17 მაისის ძალადობა ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ. მოგვიანებით მან ჟურნალისტების კითხვების პასუხად განაცხადა, რომ ყველა კანონდამრღვევი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს და სამართალდამცავებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არიან ისინი.
მიუხედავად ფუნქციური ცვლილებებისა, საარჩევნო კამპანიის დროს მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ შეძლებენ საპრეზიდენტო კანდიდატები ამომრჩევლის ყველა მთავარ წუხილზე პასუხის გაცემას. NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61%-ისთვის უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები წარმოადგენს. ტერიტორიული მთლიანობა მეორე ადგილზეა, ხოლო მას მოსდევს ხელმისაწვდომი ჯანდაცვის თემა. ცვლილებებს კი ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და საპენსიო მიმართულებებით ისურვებდნენ. ქართულმა ოცნებამ ამ მიმართულებებით რეფორმები და პროგრამები წამოიწყო, თუმცა, რამდენად საკმარისია ეს ცვლილებები, რამდენად ემთხვევა მოსახლეობის მოლოდინებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
იმავე კვლევის თანახმად, არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი – 81% თვლიდა, რომ მათი მდგომარეობა არ შეცვლილა და უმთავრეს ეროვნულ საკითხებად კვლავ ეკონომიკურ თემებს ასახელებდა. შემოდგომაზე ეს განწყობა, შესაძლოა, ფრუსტრაციაში გადაიზარდოს. ამის პარალელურად, ოპონენტებს საკუთარი პლატფორმების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ, მათ შორის – განახლებულის.
პრეზიდენტის ფუნქციები ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ
პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. თუმცა ის არ წარმართავს საშინაო და საგარეო პოლიტიკას და გენშტაბის უფროსის და სხვა მხედართმთავრების დანიშვნა ან გადაყენება მთავრობასთან შეთანხმებით უწევს. იგი აღარ მიიღებს მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში და აღარ შეეძლება აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი აქტების გაუქმება ან შეჩერება. პრეზიდენტს დარჩება უფლება, გამოაცხადოს საომარი ან საგანგებო მდგომარეობა, დადოს ზავი – ეს გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ასევე, ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების დიდი ნაწილი საჭიროებს კონტრასიგნაციას პრემიერის მხრიდან – თუმცა არა ყველა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელობას ანიჭებს იმას, თუ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება პრეზიდენტი.
პრეზიდენტს უფლება აქვს დანიშნოს არჩევნები, შეიწყალოს მსჯავრდებულები, მიანიჭოს ჯილდოები, წოდებები, გადაწყვიტოს მოქალაქეობის და თავშესაფრის მიცემის საკითხები, სახელმწიფოს სახელით დადოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.ალასანია ამ სურვილის და შესაბამისი გეგმების საკუთარ ახლო გარემოცვაში განხილვისთვის დაისაჯა კიდეც. თავდაცვის მინისტრს, რომელსაც, ამავდროულად, ვიცეპრემიერის თანამდებობა ეკავა, პრემიერთან ამ საკითხზე „საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდა", მოგვიანებით კი მას ვიცეპრემიერის პოსტი დაატოვებინეს, სადაც მარგველაშვილმა ჩაანაცვლა. ოპონენტებმა სწორედ ალასანიას შემთხვევა გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ივანიშვილმა განგებ შეარჩია სუსტი კანდიდატი, რათა ძალაუფლება არავის გაუყოს. ამ მაგალითზე კი ისიც აჩვენა, რა მოუვათ მათ, ვინც მისგან დამოუკიდებლად მოქმედებას მოინდომებს, თუნდაც ახლო წრეში.
ამომრჩევლის აქტივობა 2013 წლის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე
ნაძალადევში სულ რეგისტრირებულია 140 892 ამომრჩეველი, თამარ კორძაიას (მიღებული ხმა 15487) ხმა არ მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 89%-მა. კახა კუკავას (მიღებული ხმა 6772) ხმა არ მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 95%-მა; მირზა დავითაიას (მიღებული ხმა 5926) ხმა არ მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 96%-მა.
ბაღდათში სულ რეგისტრირებულია 23 351 ამომრჩეველი. ქართული ოცნების კანდიდატს პაატა კიკნაველიძეს (მიღებული ხმა 6975) ხმა არ მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 70%-მა. ვლადიმერ წიქორიძეს (მიღებული ხმა 2383) ხმა არ მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 90%-მა.
სამტრედიაში სულ 48 455 ამომრჩეველია. ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი კახიანს (მიღებული ხმა 17 163) ხმა არ მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 64%-მა. ნაციონა-ლური მოძრაობის კანდიდატს ემზარ შუბლაძეს (მიღებული ხმა 3963) ხმა არ მისცა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 92%-მა.