TI საქართველო

TI-საქართველო 2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

http://www.blackseango.org/

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, 2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა.

2008 წელს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ნუსხაში ავტომობილები დომინირებს. სტატიაში ასევე აღნიშნულია სახელმწიფოსთვის მიწის ნაკვეთებსა და სხვა ქონებას ჩუქების შესახებ. 

"2008 წელს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი უძრავი ქონების ნუსხაში გამოირჩევა რამდენიმე ფიზიკური პირი. ერთ-ერთმა მათგანმა თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე 4 ფართი ჯამში 689 კვ. მ. უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. აღნიშნული ფართების საერთო ღირებულებად დოკუმენტებში 930 001 აშშ დოლარია მითითებული. ამავე პერიოდში მეორე ფიზიკურმა პირმა დედაენის პარკის ტერიტორიაზე მდებარე 1095 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართით 1370 კვ.მ. გადასცა სახელმწიფოს. ამ უძრავი ქონების ღირებულებად მითითებულია 700 000 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ეჭვს ბადებს როგორც ამ გარიგების ნებაყოფლობითობა, ასევე დოკუმენტებში მითითებული ქონების ღირებულებაც", - ნათქვამია სტატიაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2008 წელს შპს ჯეოსელის დამფუძნებელმა პარტნიორმა კომპანიამ საწესდებო კაპიტალის 100% წილიდან 2,5% წილი სახელმწიფოს აჩუქა. წილის ღირებულებად ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 250 025 აშშ დოლარია მითითებული. ხოლო 2009 წელს, ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 1 551 989 ლარის ღირებულების 42 ერთეული ავტომობილი საჩუქრად გადასცა.’’ამავე პერიოდში კავშირმა დოსტაქარი 3 102 139 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობები გადასცა სახელმწიფოს. დოკუმენტებში არ არის მოცემული გადაცემული ქონების აღწერა და დეტალური ჩამონათვალი’’.

რაც შეეხება 2010 წელს ,ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს 989 892 ლარის და 301 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები გადასცეს საჩუქრად. ’’შპს ავიასერვისმა სახელმწიფოს 1 982 280,74 ლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გადასცა. ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა კი, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 2000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, საერთო ღირებულებით 100 000 ლარი, გადასცა სახელმწიფოს’’.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, 2011 წელს ფიზიკურმა პირებმა სახელმწიფოს 752 818 ლარის და 24 783 აშშ დოლარის ღირებულების მოძრავი ქონება გადასცეს საჩუქრად, ხოლო იურიდიულმა პირებმა 266 226 ლარის ქონება.

’’2012 წელს გადაცემულ ქონებას, ამ პერიოდშიც სახელმწიფოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები უსასყიდლოდ გადასცემდნენ სამეწარმეო წილებს, მოძრავ და უძრავ ქონებას. ამ პერიოდში უმეტეს შემთხვევაში ნაჩუქარი ქონების ღირებულება მითითებული არ არის’’ , - ნათქვამია სტატიაში. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს დაუკავშირდა რამდენიმე პიროვნება, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა იძულებით განახორციელეს. ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს დაზარალებულ პირებს და კომპანიების წარმომადგენლებს მიმართონ ჩვენი სამართლებრივი დახმარების ცენტრს", -აღნიშნულია ორგანიზაციის სტატიაში.

კომენტარები