ბიუროკრატია

„დეპოლიტიზაცია“: ორიოდე სიტყვა ქართული ბიუროკრატიის პრობლემებზე

კოალიცია ქართული ოცნები" ლიდერები ბევრს ლაპარაკობენ სახელმწიფო სტრუქტურების „დეპოლიტიზაციის“ საჭიროებაზე, მაგრამ პრაქტიკული ხორცშესხმისას ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ პროცესს შეუძლია, დიდ ხიფათს გადაჰყაროს სახელმწიფო მანქანა, რადგანაც „დეპოლიტიზაცია“ თავისი არსით სულაც არაა ისეთი დეპოლიტიზებული, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია. და მაინც, რას ნიშნავს დეპოლიტიზაცია?

ტერმინის განმარტებისას ერთნი ამბობენ, დეპოლიტიზაცია პოლიტიკის არეალიდან ან პოლიტიკური ზეგავლენისა და ჩარევისგან განთავისუფლებას ნიშნავსო. სხვები ამტკიცებენ, რომ დეპოლიტიზაცია გულისხმობს ვინმეს ან რაღაცის იძულებას, დათმოს პოლიტიკური კავშირები.

პრობლემა ისაა, რომ ბიუროკრატია, რომლის დეპოლიტიზაციასაც „ესწრაფვიან“ მმართველი კოალიციის ხელმძღვანელები, მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ფუნდამენტური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. უფრო მეტიც, ბიუროკრატს აქვს პასუხისმგებლობა არა მარტო პოლიტიკის შემუშავებაში, არამედ მის განხორციელებაში, ადმინისტრირებასა და რეგულაციაში. მაშ, როგორღა უნდა მოხდეს სახელმწიფო აპარატის დეპოლიტიზაცია, თუ მისი ყველაზე მთავარი ფუნქცია პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებაა? ეს აბსურდია. ამიტომაც, კოალიციის ლიდერები, როგორც ჩანს, სხვა რამეს გულისხმობენ სამხედრო, საგარეო, საპოლიციო და სხვა სახელმწიფო სამსახურების „დეპოლიტიზაციაში“.

ყველაზე ვულგარული გაგებით, ისინი, ალბათ, ესწრაფვიან საშუალო და დაბალ რგოლში მომუშავე, მათი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის ერთგული“ ბიუროკრატიის ჩანაცვლებას ქართული ოცნების ლოიალისტებით – „ახლა ჩვენი დროა“-ს პრინციპის შესაბამისად. პრემიერმინისტრ ივანიშვილის მიერ ნეპოტიზმის დასაშვებად გამოცხადება მხოლოდ ამას გვაფიქრებინებს.

უფრო ცივილური გაგებით, ოცნების მთავრობა ცდილობს, ბიუროკრატია „აპოლიტიკური მუშაკებით“ დააკომპლექტოს. მაგრამ ძნელია ამის დაჯერება, როცა საშუალო და დაბალი რგოლის თანამდებობებზე კონკურსის წესით შერჩევა და გამოცდები, ერთეული გამონაკლისების გარდა, თითქმის აღარ ტარდება. საპოლიციო და ადგილობრივ სამსახურებში მასობრივი გათავისუფლება და უკონკურსოდ ახალი მუშაკების აყვანა ამ სამწუხარო რეალობის ყველაზე ნათელი მაგალითია.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა პროფესიონალური ბიუროკრატიის ჩამოყალიბებაა. ამ ინოვაციური ბიუროკრატიის კისერზე გადაიარა არაერთმა დემოკრატიულმა რეფორმამ საჯარო სფეროში და საქართველოსათვის სასარგებლო შეთანხმებებმა საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე.

ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყო და ამდენად მაღალეფექტიანი და პუნქტუალური ბიუროკრატიის ჩამოყალიბება სულაც არ ყოფილა „დეპოლიტიზებული“ მოვლენა. ეს იყო მაღალი პოლიტიკის შემოქმედთა საზოგადოებასთან თანამშრომლობის შემხვედრი პროცესი, ერთგვარი სოციალური კონტრაქტი. ერთი მხრივ, სახელწიფოს მესვეურებს სჭირდებოდათ განათლებული და ეფექტიანი ბიუროკრატია. მეორე მხრივ, პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საშუალო და დაბალი რგოლებისკენ პროფესიული უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული ათასობით ადამიანი იმის გამო ილტვოდა, რომ მათი შეხედულებები და მიზანსწრაფვა ემთხვეოდა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო კურსს, რომელიც მოდერნიზაციასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ემსახურებოდა.

დიახაც, ქართული ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი სწორედ პოლიტიკური ღირებულებების გამო აღმოჩნდა საჯარო სამსახურში, მაგრამ ეს არ ყოფილა პირადი ერთგულების პრინციპით შეფიცულთა გუნდი. ევროპისა და ამერიკის წარჩინებულ უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ადამიანები თავიანთ ადგილს სახელმწიფო სამსახურში ხედავდნენ. ისინი პროფესიული ოსტატობით დასავლელი პარტნიორების ტოლი და სწორი იყვნენ. თამამი გადაწყვეტილებები, სპეციალიზაცია, მოქმედების ავტონომიურობა, ოპერატიული საქმიანობის სისწრაფე, ინფორმაციის გადაცემის სისხარტე, ჰორიზონტალური კავშირები სახელმწიფო უწყებების ყველა დონეზე, უცხოური ენების ცოდნა, „ქვემოდან“ გამოსული ინიციატივები ქართული ბიუროკრატიის გამორჩეულ ჩვევებად და თვისებებად იქცა. პოლიტიკური ფიგურებისა და ბიუროკრატიის სხვადასხვა დონეების მაღალი ინტერაქცია ქართული სახელმწიფო სამსახურების კიდევ ერთი დადებითი ნიშანი იყო.

ასეთი ბიუროკრატიული სისტემის „დეპოლიტიზაციის“ შედეგი ადვილი წარმოსადგენია. ყოფილი საბჭოთა კავშირის არეალი და მთლიანად ევრაზიის კონტინენტი დახუნძლულია „დეპოლიტიზებული“ ბიუროკრატიებით: პირადი ერთგულების პრინციპით შერჩეული ფუნქციონერები ახლობელ-ნათესავთა კლანიდან, რომელთა კარიერული წინსვლა პატრონის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ასეთი დამყოლი ბიუროკრატია სწორედაც რომ პოლიტიკისგან გაუცხოებულია, რადგანაც მაამებლობასა და კლანურობას პოლიტიკური ღირებულებები არ სჭირდება.

პროფესიონალურ ბიუროკრატიას უხერხულობას უქმნის მაღალი თანამდებობის პირთა შეცდომები და ბიუროკრატიის ერთ-ერთი მოვალეობა ამ შეცდომების გამოსწორებაა. მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ ბიუროკრატთა მდგომარეობა, როცა მათ ისეთი ნაბიჯების გამართლებას სთხოვენ, როგორებიცაა პარტიული მილიციის გამოყენება პრეზიდენტისა და საპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგ, როგორც ეს, მაგალითად, 8 თებერვალს მოხდა. ანდა, როცა მათ უწევთ თავიანთი დასავლელი პარტნიორებისათვის იმის ახსნა, თუ რატომ გმობს საქართველოს პრემიერმინისტრი ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის, სახალხო პარტიის, ლიდერების კრიტიკას და რატომ აფასებს მას „სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად“ მაშინ, როცა უკრიტიკოდ ტოვებს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გამოთქმულ საქართველოს დამამცირებელ განცხადებებს და ბოდიშს უხდის თბილისში მოვლინებულ რუს რევიზორთა ჯგუფს. რაც უნდა ინსტრუქციები უწერო და უგზავნო ბიუროკრატიას, ის ვერ „მოახერხებს“ მთავრობის ასეთი პოლიტიკის გამართლებას.

დასავლეთის ყველაზე თავისუფალ ქვეყნებშიც კი ბიუროკრატია შინაგანად და თავისი არსით არადემოკრატიულია – თუნდაც იმიტომ, რომ იგი ხალხის მიერ პირდაპირ არაა არჩეული, უწევს საიდუმლო ატმოსფეროში მუშაობა, მკაცრად იერარქიულია, მაგრამ, როგორც პოლიტიკური მეცნიერების დასავლელი სწავლულები ამტკიცებენ, ბიუროკრატია არ არსებობს კანონის მიღმა და იგი ხშირად პასუხობს საზოგადოებრივ აზრს. მთავარი ისაა, რომ სწორედ ბიუროკრატიაა დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკის განმახორციელებელი.

ბიუროკრატია პოლიტიკური სისტემის ნაწილია და მისი დეპოლიტიზაცია, როგორც უნდა განვმარტოთ ეს ტერმინი ან პროცესი, შეუძლებელია. თუ საქართველო გააგრძელებს შინაგან მოდერნიზაციას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გეზს, მისი ბიუროკრატიული სისტემაც მაგნიტივით მიიზიდავს განათლებულ და პროფესიონალ მუშაკებს, რომელთა პოლიტიკური ღირებულებები თანხვედრაში იქნება ასეთ სახელმწიფო კურსთან. სახელმწიფო სისტემის „დეპოლიტიზაცია“, ანუ პოლიტიკისგან გაუცხოება, კი უმოკლესი გზაა ევრაზიული სივრცის ბატონყმური სახელმწიფო მანქანისაკენ.

კომენტარები