გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია: არსებობს ქვეყნის კურსის შეცვლის რეალური საფრთხე

გიგა ბოკერია

უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას შეფასებით, 19 აპრილის აქცია მნიშვნელოვანი აქცია იყო, რადგან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ არსებობს საზოგადოების ძალიან აქტიური ნაწილი, რომელსაც აქვს ასევე აქტიური პოზიცია და ეს არის სიგნალი ახალი ხელისუფლებისთვის, რომ იმ არჩევანს, რაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა, რომ საქართველომ იაროს დასავლური, ევროატლანტიკური კურსით, თავისუფალ ერთა ოჯახში გაწევრიანდეს და შინაარსითაც იყოს სამოქალაქო თავისუფალი ქვეყანა, აუცილებლად დაიცავს. ამის შესახებ კომენტარი ბოკერიამ გადაცემა „აქცენტებში“ გააკეთა.

„ახალ ხელისუფლებას აქვს კურსი, დეკლარირებული და რეალური. რეალურ ნაბიჯებში ჩვენ ვნახეთ რამდენიმე სახიფათო წაცდომა, მათ შორის პრემიერმინისტრის რიტორიკაშიც კი. ჩვენ პატივს ვცემთ სომხეთის არჩევანს, მაგრამ საქართველოს არჩევანი არ არის ბალანსირება რუსეთსა და ნატოს ან ევროკავშირს შორის. ჩვენი არჩევანი დასავლური სამყაროს სრულფასოვან წევრად გახდომაა. მან (პრემიერმინისტრმა) თქვა, რომ ნატო და ევროკავშირი მოკლევადიანი ამოცანებია. ეს ფუნდამენტური შეცდომაა. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, საკითხის ყოველგვარი შესწავლის გარეშე ციხიდან ადამიანების გამოშვება „გმირებად“, რომლებსაც ძალიან მძიმე დანაშაულში, რუსეთის სპეცსამსახურებთან ურთიერთბაში ედებოდათ ბრალი, მოვისმინეთ მათი კოალიციის წევრების აგრესიული განცხადებები დასავლურ კურსთან მიმართებაში“.

ბოკერია თვლის, რომ საქართველოში, სადაც 80 პროცენტი მყარად უჭერს მხარს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სვლას, კურსის ცვლილება ერთბაშად ვერ მოხდება. „კლიმატის შეცვლა თანდათანობით ხდება. მე არ მაქვს შეთქმულების თეორია. იმედს ვიტოვებ, რომ ამ პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობის ნაწილში ასეთი გეგმა არ არსებობს, მაგრამ მათი რეაქცია პირველივე კრიტიკაზე ძალიან სახიფათო იყო, როდესაც თქვეს, ვინ ხართ, რომ ჭკუას გვასწავლითო. ეს არის კლიმატის შეცვლის რეალური საფრთხე. ეს მიტინგი არ იყო მთავრობის გადადგომის მიზნით მოწყობილი, მიზანი იყო გზავნილის გაკეთება, რომ ჩვენ ვართ ძლიერი ხმა, რომელიც ხელს შეუშლის ყველას და არ დაუშვებს, რომ ქვეყანა ჩააჩოჩონ ამ დეკლარირებული კურსიდან“.

ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანმა ფაშიზმისა და ავტორიტარიზმის საფრთხეებზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრი არაკორექტულია, როდესაც მსჯელობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ოპოზიცია. „კიდევ უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ადამიანს ის კი არ სურს, მის მიერ დეკლარირებული ღირებულებების მქონე ძალები იყვნენ სპექტრის დიდი ნაწილი, ის ამბობს, რომ ბურჯანაძე და ინაშვილი, ანუ პირდაპირ პუტინთან მოსიარულე, ფაშისტური ძალები უნდა გახდნენ ძირითადი მოთამაშეები თუნდაც ოპოზიციაში, ნაციონალური მოძრაობა კი უნდა გაქრეს. ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია.

„ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული ბატონი ჩარკვიანის ის ლექსი, რომელიც ბატონმა გაბაშვილმა გუშინ ბრიფინგზე წაიკითხა (თუ ქართველი ხარ, არ მოხვიდე 19-ში, სომეხი ხარ,  კი ბატონო, მობრძანდი), არის ძირი იმ საწამლავის, რომელსაც იყენებდნენ პოლიტიკურად ჩვენ წინააღმდეგ, ძალიან უპასუხისმგებლოდ. „ასავალ-დასავალი“ არის გაზეთი, რომელსაც პრემიერმინისტრმა ორჯერ უწოდა მისი სამაგალითო გაზეთი და ეს გაზეთი არის მებაირახტრე ფაშისტური იდეების. ეს შემაშფოთებელია, რადგან ქვეყნის კურსი მარტო იმაში კი არ მდგომარეობს, რას იძახი ნატოში და ევროკავშირში სიარულის თვალსაზრისით, არამედ იმაშიც, ქვეყნის შიგნით რა ხდება. პრემიერმინისტრმა ამასწინათ თქვა, ოპოზიცია როგორ არ მინდა, მაგრამ ეს ოპოზიცია არ მინდაო, ამაზე მეტი დეკლარირებული ავტორიტარიზმი ძნელი წარმოსადგენია“, - განაცხადა ბოკერიამ „აქცენტებში“. 

კომენტარები