პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ხარჯები გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის, მისი ოჯახის, ახლობლების, სხვა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების "ფუფუნების საგნებზე" "შოკისმომგვრელი თანხები" იხარჯებოდა. მისი თქმით, მან ეს ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან გამოითხოვა.
"წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ბიუჯეტის მქონე დაცვის სპეციალური სამსახურიდან სრულიად არამიზნობრივად იხარჯებოდა თანხები. ეს თანხები მიდიოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, ყოფილი და ახლანდელი თანამდებობის პირების, მათ შორის ქალაქის მერის, არაერთი გუბერნატორის, პარლამენტის წევრების ფუფუნების საგნებზე, საჩუქრებზე, დასვენებაზე და გართობაზე. ეს ყველაფერი იყო გრიფით "საიდუმლო", ამ ხარჯების ნახვა იყო შეუძლებელი. ქვეყნის ბიუჯეტიდან იქნა დახარჯული შოკისმომგვრელი თანხები. მაგალითად, ჩვენი კოლეგები, მათ შორის წინა მოწვევის პარლამენტის წევრები - კობა ხაბაზი, ალანა გაგლოევა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი ღვინიაშვილი, ნუგზარ წიკლაური, სერგო რატიანი, დავით დარჩიაშვილი ახალ წელს პრეზიდენტთან ერთად დუბაიში შეხვდნენ და მათ გართობაზე დაიხარჯა 240 ათასი ლარი. ასევე ჩემს კოლეგა ქალბატონს პრეზიდენტმა უყიდა ძვირად ღირებული მობილური ტელეფონის აპარატი და სამაჯური, რომელიც ამ დოკუმენტებში ჩანს. გარდა ამისა, სააკაშვილმა უკრაინელ მომღერალს, რომლის მამასაც საქართველოს მოქალაქეობა სრულიად უკანონოდ მიანიჭა, რადგან თავის ქვეყანაში ძებნილი იყო, ოქროს ნაკეთობები აჩუქა. საკმაოდ ძვირად ღირებული ოქროს ნაკეთობა აქვს ნაყიდი და ნაჩუქარი ასევე რუსი ჟურნალისტისთვის. ასევე, პრეზიდენტმა და ქალაქის მერმა ძვირად ღირებულ ავსტრიულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში დახარჯეს 115 ათასი ლარი. ცხვრები ჰყავთ ნაყიდი - 40 ერთეული 7 950 ლარად, რომელიც მოსახლეობას დაურიგეს. ასეთი ხარჯები არ მთავრდება. მხოლოდ პრეზიდენტის ესპანეთიდან ჩამოყვანილი პირადი მზარეულის ცხოვრების ხარჯები და თარჯიმნით მომსახურება საერთო ჯამში აღწევს ნახევარ მილიონ ლარს, რადგან 25 ათასი ლარი ჯდებოდა ეს ყველაფერი თვეში", - განაცხადა იმერლიშვილმა.





