პრეზიდენტი

სააკაშვილი: 14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია

დედა ენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს. ”1978 წლის 14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ამ დღეს ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ჩვენმა ერმა ერთობით შეძლო კომუნისტური რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა და ერთიანი ძალებით შევინარჩუნეთ ქართული ენა”-ვკითხულობთ განცხადებაში.

პრეზიდენტის თქმით, ამ მოვლენების შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა და მიაჩნია, რომ ქართული ენის დასაცავად ბრძოლა არასდროს არ უნდა შეჩერდეს. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ახალგაზრდას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროგრამაში "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის". ”მათ ყველაფერი მიატოვეს და იმ ადამიანების დასახმარებლად გადადეს თავი, რომელთათვისაც ქართული ენის შესწავლა მომავალი კეთილდღეობის საწინდარი იყო. ამ ახალგაზრდებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესები დააყენეს და ეთნიკურად არაქართულ რეგიონებში წავიდნენ ამ მისიის შესასრულებლად. მეამაყება, რომ ამ პროგრამის ინიციატორი ვიყავი და ჩემს გუნდთან ერთად მისი განხორციელება შევძელი. ასევე მინდა დედაენის დღე ამ ადამიანების მოსწავლეებს მივულოცო”- აცხადებს პრეზიდენტი.

 მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება რეგიონალური ან უმცირესობის ენების შესახებ ქარტიის რატიფიცირების ფორსირებას. ”ეს ყოვლად დაუშვებელია, რადგან საქართველო ერთნაირად ეკუთვნის ყველას და ის, ვისაც სურს ჩვენი ქვეყანა ეთნიკურად ქართველებად და არაქართველებად დაყოს, პირდაპირ ემსახურება საქართველოს მტერს.

ქართული ენა დღეს უკვე არის ქართული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი - იმის დამკვიდრების, რომ ყველანი თანასწორი ვართ და ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობები გვაქვს” - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები