აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნამ არასამთავრობოების კრიტიკა გამოიწვია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას, არასამთავრობოთა კრიტიკა მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივისა“ და „ევროპულ დემოკრატიული ცენტრის“ წევრების აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის” რამდენიმე მუხლი დაარღვია.

„ევროპულ დემოკრატიული ცენტრის“ ერთ-ერთი წევრის ირაკლი ბარბაქაძის თქმით, საქმე გვაქვს „თავისუფლების ქარტიის“ უხეშ დარღვევასთან - ”საბჭოთა კავშირის დროს, 1981–1989 წლებში, ვახტანგ ყოლბაია იკავებდა გალის რაიონში, რაიკომის მდივნის თანამდებობას, რასაც თავის ავტობიოგრაფიაში მიზანმიმართულად მალავს. შესაბამისად, მას არ აქვს ზემოაღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს წევრი არ შეიძლება დაინიშნოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრად. შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კანონმდებლობის ეს ნორმაც დაარღვია, ვინაიდან ვახტანგ ყოლბაია არის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მოვითხოვთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსაგან, დაუყოვნებლივ შეცვალოს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოს, იმოქმედოს კანონის ფარგლებში”.

„საზოგადოებრივი ინიციატივის“ ლიდერმა ლაშა ფარულავამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ყოლბაიას თანამდებობაზე წარდგენით, ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულებს შეურაცხყოფა მიაყენა. ”9 აპრილს, ჩვენ დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ, რომლის მოპოვებისთვის ადამიანები დაეცნენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს დამოუკიდებლობა. დღეს კი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭომ წარმოადგინა კანდიდატად კომუნისტი. ქვეყანაში ბრუნდებიან კომუნისტები, ამ ახალგაზრდებს ამისთვის არ უბრძოლიათ. კარგი იქნება თუ დღევანდელი ხელისუფლება იხელმძღვანელებს სამართლებრივი კუთხით და გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული. თუ გვინდა წინსვლა, წარსულში არ უნდა დავრჩეთ. ასეთი ტემპებით თუ გავაგრძელებთ, მივიღებთ კოლმეურნეობას, სადაც გლეხი ვალდებულია პარტიას საქონლის მონაგარი შესწიროს”, - აღნიშნა ფარულავამ თავის გამოსვლაში.

 

კომენტარები