რუსეთის ბაზარი

12 ქართულ საწარმოს რუსეთის ბაზარზე არ შეუშვებენ

როსტრებნადზორმა, რიგით მეორე ინპექციის შემდეგ, 12 ქართული საწარმო დაბლოკა, შესაბამისად, ისინი რუსეთის ბაზარზე პროდუქციას ვერ შეიტანენ - ამის შესახებ ინტერფაქსს რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარმა, გენადი ონიშენკომ, განუცხადა.

„ჩვენს მიერ შემოწმებულ იურიდიულ პირებს შორის, ამ ჯერზე 12-ს არ მიეცემა რუსეთში პროდუქციის შეტანის ნებართვა“ - აცხადებს ონიშენკო. მისივე თქმით, ზოგიერთი საწარმოსთვის უარის თქმის მიზეზი გახდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ღვინის წარმოების ტექნოლოგიის შეუსაბამობა მოთხოვნებთან, რომლებიც ღვინის წარმოებას წაეყენება.

„მიგვაჩნია, რომ ამჟამად ქართული საწარმოების საკმაო რაოდენობა შეძლებს იმუშაოს რუსეთის ბაზარზე შესვლის უფლების მოპოვებისთვის. ქართული ღვინის ბიზნესისთვის დიდი შესაძლებლობები არსებობს რუსეთის ბაზარზე ევოლუციური დაბრუნებისთვის“ - ამბობს ონიშენკო.

რუსეთის მთავარმა სანიტარმა ის ორი საწარმოც გაიხსენა, რომლემაც უკვე მიიღო რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანის ნებართვა -„ქინძმარაული მარანი“ და „ღვინის სახლი დუგლაძე“. კიდევ 64 კომპანიას, ორი ინსპექციის შედეგების მიხედვით, რუსეთში საკუთარი პროდუქციის ნიმუშების დარეგისტრირების საშუალება ეძლევათ.

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების რიგით მეორე ინსპექცია 1-დან 5 აპრილამდე მიმდინარეობდა. ამ პერიოდში როსტრებნადზორის თანამშრომლებმა 30-ზე მეტი საწარმო შეამოწმეს. პირველი ინსპექცია თებერვლის ბოლოს დაიწყო. ონიშენკოს თქმით, მისი უწყების მესამე ვიზიტი საქართველოში ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

 

კომენტარები