საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსის, ვალერიან თელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ საია-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კოჟორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კოჟორიძის თქმით, ვალერიან თელიას ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მიზანშეწონილი იქნება, თუ გამოძიების მიმდინარეობისას მას უფლებამოსილება შეუწყდება. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, საია-ს თანამშრომლები სატრანსპორტო შემთხვევის დროს ნასვამები იყვნენ თუ არა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან ასეთი ქმედება დაუშვებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საია-ს ერთ-ერთი თანამშრომელი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
კოჟორიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს იქვე მდებარი აფთიაქის ვიდეოკამერიდან ვიდეომასალის ამოღება შესთავაზა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული ვიდეომასალა წაშლილია.
კოჟორიძის თქმით, ის აღნიშნულ საკითხზე, დღეს, მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილსაც ესაუბრა.
კოჟორიძემ სპეციალური ბრიფინგი ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩაატარა. 28 მარტს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერიან თელიას შორის ინციდენტი მოხდა. საია-ს თანამშრომლების თქმით, ვალერიან თელიამ მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საია-ს მძღოლი როინ ფარტენაძე აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩატენა სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლის შედეგად პულოვერი გაეხა. ვალერიან თელია ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უარყოფს.