გავრცელებული ინფორმაციით, ნაძალადევის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი თამარ კორძაია იქნება. კორძაია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორია. თავად კორძაია ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ტაბულამ სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ნაძალადევის რაიონში სხვა კანდიდატებიც იყრიან კენჭს, მათი უმრავლესობა საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. თუ ვინ იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, უცნობია.
შეგახსენებთ, დღეს, 25 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნებიდან ბაღდათის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად პაატა კიკნაველიძე იყრის კენჭს. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კიკნაველიძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში მონაწილეობდა - იცავდა ქართუ ბანკისა და კომპანია ბურჯის ინტერესებს.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამუშაოდ გადავიდა, მათი ადგილები კი პარლამენტში გათავისუფლდა. ცესკო-მ შუალედური არჩევნები 2013 წლის 27 აპრილს დანიშნა. არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.
ცესკო-ში კანდიდატების დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 28 მარტს იწურება.





