საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, 114 ხმით ერთხმად დაამტკიცა. ცვლილებებით პრეზიდენტს ჩამოერთვა კონსტიტუციური უფლება - პარლამენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა.
საბოლოოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები უმცირესობის მხარდაჭერითა და ხმათა მაღალი მაჩვენებლით გავიდა - პირველი მოსმენით მას 135 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მეორე მოსმენისას - 123-მა, ხოლო დღეს, საბოლოოდ, 114 ხმით გავიდა. კონსტიტუციური პროექტის მიღების მინიმალური კვორუმი 100 ხმაა. პირველი მოსმენისას უმცირესობის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარემ სარეიტინგო კენჭისყრა ჩაატარა, რამაც ცხადყო, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეძლებდა.




