ხელოვნება

ვახტანგ ჭაბუკიანის წიგნი-ალბომი

თუ პარიზში, წიგნის ნებისმიერ დიდ მაღაზიაში, თეატრის განყოფილებას გვერდს ჩაუვლით, თვალში აუცილებლად მოგხვდებათ იმ წიგნების რაოდენობა, რომელიც რუდოლფ ნურიევის შესახებაა გამოცემული. მის სახელს პარიზული ბალეტის ახალ ეტაპს მიაწერენ და ამიტომ ის ქვეყანაში ისევე უყვართ, როგორც ამერიკაში ეთაყვანებიან მისტერ ბის, ანდა ინგლისში კენეტ მაკმილანს. იმ ადამიანის შესახებ კი, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი აქვს შეტანილი არამხოლოდ ქართული ბალეტის ისტორიაში და ვის სახელსაც ატარებს ქვეყნის ერთადერთი ქორეოგრაფიული სასწავლებელი, მის სამშობლოში ბევრს ვერაფერს ნახვათ.

2010 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 100 წლის იუბილე გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ – იუნესკომ, მსოფლიოს მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღების ნუსხაში შეიტანა და ამ მოვლენასთან დაკავშირებით, დიდი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის წიგნი-ალბომის გამოცემაც დააფინანსა, რომლის პრეზენტაციაც თბილისში, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეს, 27 თებერვალს, სასტუმრო რედისონში გაიმართა.

გამოცემას იუნესკოს გენერალური დირექტორის, ირინა ბოკოვასა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის სიტყვები უძღვის წინ. ისინი ჭაბუკიანის შემოქმედების მნიშვნელობასა და იმ წვლილზე საუბრობენ, რომელიც მან მსოფლიო ბალეტის ისტორიაში შეიტანა. წიგნზე მუშაობის პროცესისა და მასში შეტანილი ფოტომასალის შესახებ, ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის გამოცემათა რედაქტორს, წიგნის შემდგენელს და რედაქტორს ილია თავბერიძეს ვესაუბრეთ:

ილია თავბერიძე: „მოგეხსენებათ, იუნესკოს თავის პროგრამაში ყოველწლიურად შეაქვს მსოფლიოს მნიშვნელოვანი თარიღები. ჭაბუკიანის საიუბილეო ასი წლისთავთან დაკავშირებით, ოპერისა და ბალეტის თეატრმა, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, იუნესკოს გაუგზავნა მოთხოვნა, რაზეც თანხმობა და იმ ანოტაციის პროექტი მივიღეთ, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ფორმულირებული ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილე მათ კალენდარში: ტექსტი, ცოტა არ იყოს, საბჭოური ბალეტმცოდნეობისთვის დამახასიათებელი ტერმინებით იყო შედგენილი. ეწერა მხოლოდ ის, რომ ჭაბუკიანი იყო რუსული ბალეტის წარმომადგენელი. ამაში, ბუნებრივია, არაფერია გასაკვირი, რადგან ის მართლა იყო რუსული ბალეტის წარმომადგენელი, მაგრამ არსად იყო ნახსენები, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი ამავდროულად იყო ქართული ბალეტის ფუძემდებელი. ჩვენ, თეატრის საბალეტო დასმა, ქალბატონმა ნინო ანანიაშვილმა, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ამ ტექსტში შეტანილი ყოფილიყო ცვლილებები და თქმულიყო, სინამდვილეში ვინ არის ვახტანგ ჭაბუკიანი.

რა თქმა უნდა, არ დაგვვიწყებია მისი წვლილი რუსული ბალეტის განვითარების ისტორიაში, მაგრამ აქვე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი არის ქართული ბალეტის ფუძემდებელი, პირველი ქართული ბალეტის დამდგმელი და ქართული სკოლის ჩამომყალიბებელი. გარდა ამისა, კლასიკური ბალეტის ისტორიაში სიახლის შემომტანი და გარკვეული თვალსაზრისით, ნოვატორი“.

პროექტის დამტკიცების შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელობამ, იუნესკოს მხარდაჭერით, ჭაბუკიანის შესახებ ახალ გამოცემაზე მუშაობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. არჩევანი ფოტოალბომზე შეჩერდა, რადგან იმ დრომდე მსგავსი წიგნი- ალბომი ამ დიდი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის შესახებ არ იყო გამოცემული:

ილია თავბერიძე: „ვახტანგ ჭაბუკიანის მემკვიდრეობა, ჩემი აზრით, შეუსწავლელი და, ცოტა არ იყოს, მოუვლელიცაა. ალბათ, სხვადასხვა გარემოებების გამო, ბევრი რამ არ არის შემონახული და ჩვენამდე მოღწეული. განსაკუთრებით, ეს ეხება ჩანაწერებს, დოკუმენტებს... რაც არის, ყველაფერი თავმოყრილია მის სახლ-მუზეუმში, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ფოტომასალით. ძალიან კარგი ფოტოები აქვს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმს. ზოგიერთი მოსკოვიდან და პეტერბურგიდან ჩამოგვიტანეს. არის ფოტოები პირადი კოლექციებიდან, ოპერის თეატრის არქივიდან. პრაქტიკულად, სადაც შეგვეძლო, ყველგან მივედით“.

წიგნ-ალბომს წინ უძღვის სადა და ყოველგვარი ზედმეტი ეპითეტებისგან დაცლილი შესავალი, რომელიც დიდი ქართველი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, გამოცემის ავტორი მთავარ სათქმელს მაინც ფოტოებს უტოვებს: სხვადასხვა დროს, სცენაზე თუ რეპეტიციებისას გადაღებული მაესტრო კლასიკური ბალეტის მსოფლიოში აღიარებულ მოღვაწეებთან ერთადაა აღბეჭდილი. მათ შორის არიან მისი მოსწავლეები და ლეგენდარული პარტნიორები: ტატიანა ვეჩესლოვა, ნატალია დუდინსკაია, გალინა ულანოვა, მაია პლისეცკაია, რაისა სტრუჩკოვა თუ ვერა წიგნაძე.

ალბომში მრავლადაა ეპოქალური კადრებიც: 1962, შემდეგ კი 1972 წელს, თბილისში გადაღებულ ფოტოებზე ვახტანგ ჭაბუკიანი კლასიკური ბალეტის ისტორიის ქართული წარმოშობის უდიდეს ქორეოგრაფთან, გენიალურ ჯორჯ ბალანჩინთან ერთადაა გადაღებული. ამავე გამოცემაშია ევროპული და ამერიკული ბალეტის ვარსკვლავების, მარგო ფონტეინის და არტურ მიტჩელის სურათები, გვხვდება საბჭოთა ბალეტის ლეგენდარული ეპოქის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების: იური ჟდანოვის, ჭაბუკიანის, კონსტანტინ სერგეევისა და ვლადიმირ ერმოლაევის ერთობლივი ვარსკვლავური ფოტოც.

ილია თავბერიძე: „ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს წიგნი გამხდარიყო ჭაბუკიანის შემოქმედების ახლებურად წარმოჩენის ეტაპი. ალბათ ამის გადმოცემა მხოლოდ ფოტოებით რთულია. ამიტომ პირველი ამოცანა, რაც დავისახეთ, იყო ის, რომ ეს წიგნი გამხდარიყო საერთაშორისო გამოცემა, ანუ ორენოვანი და გაგვევრცელებინა უცხოეთში. იუნესკო გვეხმარება იმაშიც, რომ მსოფლიოს ყველა დიდ თეატრებს, საბალეტო კომპანიებს და ბიბლიოთეკებს, ჩვენი საელჩოების მეშვეობით, ეს წიგნი საჩუქრად გავუგზავნოთ.

ჭაბუკიანის შემოქმედების კვლევა მეტ ყურადღებას იმსახურებს და ალბათ მომავლის საქმეა. საჭიროა მისი შემოქმედების არა მხოლოდ ემოციური, არამედ პროფესიონალების მიერ გაკეთებული ობიექტური ანალიზი. ეს ძალიან საშური და სასწრაფო საქმეა, რადგან ჯერ კიდევ არიან ადამიანები ჩვენს სინამდვილეში, რომლებიც მისი პარტნიორები იყვნენ, მასთან ერთად მუშაობდნენ და ახსოვთ მისი სხვადასხვა ნომრები, რომლებსაც ის დგამდა არა მხოლოდ თეატრში, არამედ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, მასთან ერთად დადიოდნენ გასტროლებზე. უნდა შეფასდეს, რა არის მისი, როგორც მოცეკვავის და ქორეოგრაფის მთავარი გენიალობა“.

 

 

კომენტარები