საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვით დაიწყო, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ წარადგინა.
სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათს რიგგარეშე სხდომის ჩატარება გადაწყდა, რომლის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტს დღესვე მიმართავს. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ორშაბათისთვის საბოლოოდ მისაღებია როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 მარტს, პარლამენტმა საკონსსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი 135-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კენჭისყრამდე სარეიტინგო კენჭისყრა დანიშნა. სარეიტინგო კენჭისყრისას ცვლილებებმა 93 ხმა მოაგროვა. ცხადი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო 100 ხმა არ გროვდებოდა.




