საკონსტიტუციო ცვლიებების მიღებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, სარეიტინგო კენჭისყრამ აჩვენა, რომ პარლამენტში ოპოზიციას მნიშვნელობა აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად განსხვავებისა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფორმით, რომელმაც ერთი მხრივ დააფიქსირა, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა და ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება და, მეორე მხრივ, ეს იყო ის ფორმა, რომელმაც გამოაჩინა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე ჩვენ შეგვიძლია საერთო ენის გამოძებნა. ამიტომ ვფიქრობ, საბოლოო შედეგი იყო კარგი. ეს იყო შედეგი, რომელმაც გამოამჟღავნა, რომ ოპოზიციისკენ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის მოყვება ადეკვატური რეაგირება ჩვენი მხრიდან, ყველა იმ საკითხში, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი", - განუცხადა ბაქრაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 135-ით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ოფიციალურ კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სარეიტინგო კენჭისყრა დანიშნა. სარეიტინგო კენჭისყრისას გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას საკმარისი ხმა არ ჰქონდა საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 100 ხმა იყო საჭირო, სარეიტინგო კენჭისყრისას კი კანონპროექტმა მხოლოდ 93 ხმა მოაგროვა.





