საქართველოს უზენაესი სასამართლო ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. სასამართლოს თქმით, ვენეციის კომისიამ ურჩია პარლამენტს, არ შეიტანოს კანონში ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გამოიცვლება.
"ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, ამ ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკონონმდებლო ცვლილებების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა", ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
უზენაესმა სასამართლომ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.
"ასევე, ვენეციის კომისია განმარტავს, რომ სასამართლოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეებს, მოადგილეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირს, რომელსაც აღნიშნული პოზიციები ეკავათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არ უნდა შეეზღუდოთ უფლება საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ იქნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად. ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია ეწინააღმდეგება იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის შესაბამისად, ზემოჩამოთვლილ მოსამართლეთა წრეს ეზღუდებოდა იუსტიციის საბჭოში არჩევის შესაძლებლობა", ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში უზენაესმა სასამართლომ ასევე სურვილი გამოთქვა, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიზნით ითანამშრომლოს ყველა მხარესთან.
ვენეციის კომისიის დასკვნით კმაყოფილია საპარლამენტო უმრავლესობაც. თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ დასკვნა სიტყვასიტყვით ეთანხმება მათ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს. დასკვნით კმაყოფილია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც.
ნაციონალურმა მოძრაობამ იუსტიციის სამინისტრო ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. პარტიის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ცრუობს, თითქოს ვენეციის კომისია სრულად იზიარებს სამინისტროს პოზიციას "საერთო სასამართლოს შესახებ" კანონზე.





