პარლამენტი

უსუფაშვილი: 2012 წლის ბოლომდე იძულებული ვიყავით გვემოქმედა შრომის ანაზღაურების დამკვიდრებული პრაქტიკით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, გამოეხმაურა თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებულ პრემიებზე.

"2012 წლის ბოლომდე ჩვენ იძულებული ვიყავით გვემოქმედა უკვე დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრებით და პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დამკვიდრებული პრაქტიკით. კერძოდ, პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები წლების განმავლობაში, ყოველ ივნისში და დეკემბერში, დამატებით იღებდნენ 2-2 თვის გასამრჯელოს, რომელსაც ერქვა „პრემია“. სინამდვილეში ეს არ იყო „პრემია“, ვინაიდან ყველას, მიუხედავად დამსახურებისა, წელიწადში 12 ხელფასის ნაცვლად ეძლეოდა 16 ხელფასი. ამ მექანიზმით იმალებოდა ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრების ყოველთვიური შემოსავალი წლის განმავლობაში 25%-ით აღემატებოდა მათ ოფიციალურ ყოველთვიურ ხელფასს", - აცხადებს უსუფაშვილი.

მისი თქმით, პარლამენტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე, შეცვალეს ეს სისტემა და 2013 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრებისთვის არ არის გათვალისწინებული არანაირი პრემია „შეფუთვით“. ”აპარატის თანამშრომლებზე პრემია გაიცემა არა გათანაბრებითი პრინციპით, არამედ დამსახურების მიხედვით. პარლამენტის აპარატის ყოველი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე წარმოადგენს თითოეული თანამშრომლისთვის კვარტლის ბოლოს გასაცემი პრემიის დასაბუთებას, რასაც ამტკიცებს პარლამენტის აპარატის უფროსი”, - ვკითხულობთ დავით უსუფაშვილის განცხადებაში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წელს გაწეული ხარჯების შესახებ. ეს ინფორმაცია მოიცავდა - პრემიებს, საავტომობილო და სხვა ხარჯებს.

ამ ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის წევრებმა 2 687 752 ლარი 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე მიიღეს პრემიის სახით. ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე დიდი ოდენობის პრემია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს აქვს აღებული - 9162 ლარი. 2012 წლის განმავლობაში კი ყველაზე დიდი ოდენობის პრემია პარლამენტის წინა თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს ჰქონდა აღებული - 31 650 ლარი.

აღსანიშნავია, რომ წინა მოწვევის პარლამენტში პრემიებით წახალისებულნი იყვნენ ლებორისტული პარტიის მიერ შექმნილი ფრაქციის წევრებიც, რომელთაც ბოიკოტი ჰქონდათ გამოცხადებული: შალვა ნათელაშვილი - 8595 ლარით, კახაბერ ძაგანია - 8595 ლარით, იოსებ შატბერაშვილი - 8595 ლარით, გიორგი გუგავა - 8595 ლარით.

პარლამენტის აპარატის მიერ საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯი 2012 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის 20 ოქტომბრამდე 733 697 ლარს შეადგენს, ხოლო 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 იანვრამდე - 219 793 ლარს.

რაც შეეხება ქუთაისში ბინის დაქირავების თანხებს, დეპუტატების ბინის ქირისთვის ყოველწლიურად გამოიყოფა 1 500 000 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის - 3 073 000 ლარი.

 

კომენტარები