ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე თამაზ მღებრიშვილი და საწარმოთა მართვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი აბესალომ გურგენიძე დააკავა.
მათ სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად. ამასთან, ბრალდების სახით პასუხისგებაში მიცემულნი არიან შპს "ლემისე კომპანის" მფლობელი ლუხუმ კაპანაძე და სერგი კაკალაშვილი, რომლებიც ამჟამად მიმალვაში იმყოფებიან.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ საზოგადოება "ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის" დაუფლების მიზნით, რომლის 76 პროცენტს ფლობდა სახელმწიფო, კაპანაძე და კაკალაშვილი დანაშაულებრივად გაურიგდენენ მღებრიშვილს და გურგენიძეს. მათ ერთად შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა, რის შემდეგაც ქარხნის საწესდებო კაპიტალში არსებული 4 მილიონ 344 ათას 856 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება შპს "ლემისე კომპანის" მილიონ 111 ათას ლარად გადაეცა", - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს პრესსპიკერმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა.
სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული ქმედებით სახელმწიფომ 3 233 856 ლარით იზარალა. მათივე განცხადებით, გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთა სერგი კაკალაშვილისა და ლუხუმ კაპანაძის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებაც: "მათ ქონების გადამალვისა და კრედიტორის წინაშე ქონებრივი ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით, შპს "ბათოილის", რომლის მფლობელებიც თავად იყვნენ, დირექტორთან პაატა დათიშვილთან ერთად, რამდენიმე საწარმოსთვის გააფორმეს მოჩვენებითი გარიგება და "ბათოილის" ქონება მათზე გადააფორმეს", - აღნიშნა სუხიაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულის საფუძველზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პაატა დათიშვილი დააკავეს.
მიმდინარეობს გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით და 205-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




