პროკურატურა

პროკურატურა: სახეზეა ბიზნესის ტერორის აშკარა ფაქტები

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, რაბათის ციხის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2011-2012 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოიღეს. დოკუმენტაციამ კი გამოძიება სხვა ტიპის დანაშაულზე გაიყვანა.

"ამ საქმის ძიების პროცესში დაფიქსირდა ძალზე საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა 2011-2012 წლებში მიიღო გადაწყვეტილება სხვადასხვა ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანის შესახებ. მაგალითად, ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში გამოიყო 20 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებული იყო ამორტიზებული მეცხოველეობის კომპლექსი. აღნიშნული ობიექტი აუდიტის მეშვეობით შეფასდა 14.400 ლარად, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილებით, საწყისი ფასი გაიზარდა 63 ათას ლარამდე. აუქციონზე მონაწილე პირად დარეგისტრირდა შპს "ჯორჯიან ინვესტი", რომლის წარმომადგენელი იყო მირდატ ქამადაძე, ხოლო დირექტორი - ჯუანშერ მანშია, რომელიც იმ დროს მოთავსებული იყო სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში. საბოლოოდ, სოფელ აწყურში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა შპს "ჯორჯიან ინვესტმენტმა" 4 მლნ 949 ათას 500 ლარად შეიძინა, მაშინ როცა ვაჭრობაში სხვა პირს მონაწილეობა არ მიუღია. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისშიც. კულტურის სახლი, რომლის საერთო ფასი 168 კვადრატული მეტრი იყო, ხოლო აუდიტის მეშვეობით 11 ათას ლარად იყო შეფასებული, აუქციონზე 409 ათას 200 ლარად გაიყიდა მაშინ, როცა მასშიც მხოლოდ ერთი ფიზიკური პირი ეფრაიმ გური მონაწილეობდა. გარდა ამისა, ახალციხის რაიონის სოფელ წირაში მდებარე კულტურის სახლი - აუდიტის მიერ 12 ათას ლარად შეფასებული 500 ათას ლარად შეისყიდა აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებულმა "თი-ბი-სი ბანკმა", რომლის მეტიც აუქციონში სხვა არავინ მონაწილეობდა. ასევე, ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე კლუბი-ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 121 ათასი კვადრატული მეტრი აუქციონზე გაიყიდა მლნ 900 ათას ლარად მაშინ, როცა აუდიტის მეშვეობით ის შეფასებული იყო 8 ათას ლარად, დაინტერესებულ პირად კი დარეგისტრირებული იყო შპს "ბემონი", - განაცხადა პაიჭაძემ.

დღესვე მან მედიას მსგავსი ტიპის კიდევ რამდენიმე აუქციონის შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საერთო ჯამში, ახალციხის რაიონში გაყიდული ობიექტების რეალიზაციის შედეგად 9 მლნ 632 ათასი ლარი გადაიხადეს. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება კი სულ შეადგენდა 161 ათას ლარს. მისი განცხადებით, სახეზეა ბიზნესის ტერორის აშკარა ფაქტები. "გამოძიება ამ საკითხზე გრძელდება, იკითხებიან მოწმეები, მათ შორის უკვე დაიკითხნენ აუქციონში მონაწილე პირები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა", - აღნიშნა პაიჭაძე

სამართლებრივი შეფასება გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

 

 

კომენტარები