საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან ერთად, მარნეულში საქართველოს შეიარაღებული და საავიაციო ბრიგადა მოინახულა.
თავდაცვის მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის სხვა წევრები ადგილზე გაეცნენ ბრიგადის ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც მინისტრმა იქ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, პირველ რიგში, მოხდება ''იმ სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აღდგენა, სადაც გაუსაძლისი პირობებია''.
"ინფრასტრუქტურის შესწავლა უკვე დავიწყეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა პრემიერმინისტრთან. საქართველოს სამხედრო ძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დამატებითი სახსრები იქნება მობილიზებული. სურვილი გვაქვს, ერთი წლისთავზე ვნახოთ, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი ჯარისა და საავიაციო სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის რეალური ვითარება. ყველგან მსოფლიოში, სამხედრო ავიატორები და ავიაცია არის ელიტარული, მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობებიც არის განსაკუთრებულად კარგი. ჩვენ დღეს რაც ვიხილეთ, მე მგონი, კომენტარსაც არ საჭიროებს, არადაამიანური პირობებია. ჩვენ დავისახეთ ამოცანა, რომ წელსვე დავიწყოთ ამის გამოსწორება და დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ. რაც მთავარია, ჩანაფიქრი გვაქვს, რომ ჯარიც და ოფიცერიც იყოს მთავარი ღირებულება თავდაცვის სამინისტროში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, 2004-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის უწყებაზე ხუთ-ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, მაგრამ სამხედრო ნაწილებსა და ინფრასტრუქტურას ამის არაფერი ეტყობა.
თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებაც ისაუბრა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის არჩევის წესი საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.
"ზოგადად, რა ტიპის სახელმწიფო მოწყობა უნდა იყოს, საპარლამენტო რესპუბლიკა თუ საპრეზიდენტო, ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იყოს მიღებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს გამოკითხული", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.





