დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავას, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის შესახებ ხვალ დაკითხავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ირაკლი ფირცხალავამ აცნობა.
როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, ფირს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
"იძულებული გავხდი, მე თვითონ გამომეძიებინა ეს საქმე, რასთანაც არანაირი შეხება არ მაქვს გარდა იმისა, რომ შემთხვევა მოხდა ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე. მე მაქვს შეკითხვები იმ ადამიანებთან, ვინც დაკითხვაზე ამბობდა, რომ ადგილზე იარაღი არ უნახავთ. გამოძიების ფარგლებში ასეთი 22 ადამიანია დაკითხული. მე იქ მივედი გვიან, მაშინ, როდესაც ყველა იყო დაკავებული", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, კურიერის 12:00-საათიან გამოშვებაში გაავრცელა დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია თუ რა ვითარებაში დაიღუპა ბუტა რობაქიძე.
ტელეკომპანიას აღნიშნული მასალა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ გადასცა.