გუშინ, 11 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ვერ უზრუნველყო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღება.
"დღეს მოვისმინე განმარტება, რომ თურმე სახელმწიფო დაცვის სამსახურს უნდა განეხორციელებინა ქუჩაში წესრიგის დაცვა. მსოფლიოს ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, რომელშიც სახელმწიფო დაცვის სამსახური ქუჩაში ამყარებს წესრიგს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამავე საკითხზე, გუშინვე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინსიტრაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებს არაკომპეტენტური უწოდა.
"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ არის ის ორგანიზაცია, რომელსაც ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ევალება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა წინააღმდეგ ქმედებების განხორციელება. საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ვალდებულება აქვს მხოლოდ პოლიციას", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.





