გაზპრომმა უკრაინას გაზის შეთანხმების პირობების დარღვევის გამო 7 მილიარდი დოლარის გადახდა მოსთხოვა. გაზპრომი ამტკიცებს, რომ უკრაინაში იმპორტირებული გაზი იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე უკრაინას მიმდინარე შეთანხმების მიხედვით უნდა მიეღო. კიევი უარს ამბობს ამ თანხის გადახდაზე.
"ჩვენ გაზპრომს პასუხი გავუგზავნეთ და არ ვთვლით მართებულად 7 მილიარდი დოლარის გადახდას, ვინაიდან ამის საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ კონტრაქტის ყველა პირობას ვაკმაყოფილებთ", - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ედუარდ სტავიცკიმ BBC-ისთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა რუსეთთან გაზის შეთანხმების გადახედვას გეგმავს. კიევი აღნიშნულ შეთანხმებას კაბალურს უწოდებს. ამასთან, ქვეყანამ რუსული გაზის შესყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირა - 27 მილიარდ კუბურ მეტრამდე. თუმცა, კონტრაქტის პირობებით, რუსეთი მას 52 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ღირებულების გადახდას სთხოვს.





