თავდაცვის სამინისტრო

ივანიშვილი: თავდაცვის მინისტრი ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველმა სამხედროებმა ღირსეული სამსახური შეძლონ

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავდაცვის სამინისტროს ეწვია, სადაც მინისტრ ირაკლი ალასანიასა და გაერთიანებული შტაბის წევრებს შეხვდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრი დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილი, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ავღანეთში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფების მეთაურებს გაესაუბრა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. 

"ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თქვენ სამშობლოს ემსახურებით. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარები და თქვენ პირადად ჩართული ხართ საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო პროცესში. თქვენ ძალიან დიდ სამსახურს უწევთ თქვენს სამშობლოს და მთლიანად მსოფლიოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერმინისტრმა საქართველოში დისლოცირებული სხვადასხვა სამხედრო ნაწილების მეთაურებსაც მიმართა. 

"საქართველოს მთავრობა და თქვენი მინისტრი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველმა სამხედროებმა ღირსეული სამსახური შეძლონ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები