აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზაურ ფუტკარაძე, ციტრუსის რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს.
ფუტკარაძის განმარტებით, რეგიონში ციტრუსის მოსავალმა 55 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 30 ათას ტონამდე საზღვარგარეთ გაიგზავნა, ხოლო ''500 ტონა მანდარინი რუსეთის ბაზარზე გაიყიდა''.
"მთავრობამ მიიღო განკარგულება, დახმარების სახით, მოსახლეობას გამოყოფოდა თანხა და გადავწყვიტეთ, ერთ კილოგრამ მანდარინზე ეს თანხა ყოფილიყო 15 თეთრის ოდენობით. შესაბამისად, გაიზარდა ექსპორტი, გაიზარდა რეალიზაცია. ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით, ის არის, რომ ფასებმა საგრძნობლად აიწია. 70-80 თეთრი უკვე მიუღებელი გახდა მოსახლეობისთვის. დღესდღეობით, 2 ლარამდე მერყეობს ერთი კილოგრამი მანდარინის ფასი", - განაცხადა ზაურ ფუტკარაძემ.
დღეს ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ჯინჭარაძეების ცხრასულიან ოჯახში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკრიტიკა. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მეციტრუსეების პრობლემით სამინისტრო დროულად უნდა დაინტერესებულიყო. პრეზიდენტის თქმით, ''ოქტომბერში დანიშნული სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამი თვის დაგვიანებით, იანვარში გაეცნო მეციტრუსეების პრობლემებს''.
როგორც პრეზიდენტს ქობულეთის მცხოვრებმა, გურამ ჯინჭარაძემ განუმარტა, მანდარინის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემებია.




