თბილისის მიკროავტობუსი

თბილისის მიკროავტობუსმა შესაძლოა ახალი მძღოლების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადოს

კომპანია თბილისის მიკროავტობუსმა შესაძლოა, მძღოლებთან იჯარის ხელშეკრულება გააუქმოს და ახალი მძღოლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადოს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, გიგლა ჯაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, რამდენიმე დღეა რაც კომპანიის ხელმძღვანელობა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს გაფიცულებთან, თუმცა შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. მისივე თქმით, გათვალისწინებული იყო მათი არაერთი მოთხოვნა, ხოლო მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სრული ყოველდღიური გადასახადი შემცირდეს 30%-ით, კომპანიას ფინანსურ ზარალს მოუტანს და ამის განხორციელება შეუძლებელია.

"ამის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის, 3 დღის განმავლობაში კიდევ აწარმოოს აქტიური მოლაპარაკებები გაფიცულებთან. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, შპს თბილისის მიკროავტობუსი იძულებული იქნება, გააუქმოს იჯარის ხელშეკრულება მძღოლებთან და გამოაცხადოს კონკურსი, რის შედეგადაც მოხდება ახალი მძღოლების შერჩევა. ჩვენ ვითვალისწინებთ დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნასაც და ვერ დავუშვებთ, რომ თბილისი იყოს პარალიზებული", - აღნიშნა გიგლა ჯაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისში მიკროავტობუსების მძღოლები რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან. 

კომენტარები