ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე დღის წინ მძიმე საუბარი გვქონდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა აქცენტებში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პრემიერს ჰქონდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად.
"მე ვეთანხმები მას, რომ ეს საკითხი უნდა იყოს კოალიციასთან, მის ლიდერთან შეჯერებული. აქედან გამომდინარე, იყო საუბარი ამ თემაზე. მე არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხულობის მიზეზი გაჩნდა", - აღნიშნა ალასანიამ.
როგორც თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, ეს არ ნიშნავს კოალიციაში რაიმე დაძაბულობას, არამედ ეს იყო ჯანსაღი დიალოგი ხელმძღვანელსა და მის გუნდს შორის.
"რომ არ გვქონდეს ასეთი ღია საუბრები, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი", - განაცხადა ალასანიამ.





