მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროდან ნიკა ვაჩეიშვილის გაშვებას გამოეხმაურა

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეობიდან ნიკა ვაჩეიშვილის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა - "ძალიან ვწუხვარ, რომ ნიკა ვაჩეიშვილი ასე ცუდად გაუშვეს კულტურის სამინისტროდან. ვაჩეიშვილი შევარდნაძის დროსაც მუშაობდა, ჩვენ დავაწინაურეთ და გავუფრთხილდით. ასეთი ტიპის ადამიანების უაპელაციოდ და თითიდან გამოწოვილი პოლიტიკური მიზეზებით სამინისტროდან გაშვება პროფესიონალების დაუფასებლობაა. რა პოლიტიკოსი ისაა", - აღნიშნა სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

 ქვეყნის პირველი პირი, ევროსაბჭოში დღეს თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენას ეწვია, რომელზეც ბოლო წლებში განხორციელებული ყველა არქიტექტურული პროექტი, მათ შორის - აღდგენილი და რეაბილიტირებული ძეგლები იყო გამოტანილი. "აქ მოვაწყვეთ ქართული კვირეული, ამაზე შარშან შევთანხმდით. დეკემბერში სტრასბურგის მერიაში გაიმართა გამოფენა და რომ ვნახე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - ახალ მთავრობას და კულტურის სამინისტროს ისე გაუკეთებია გამოფენა, რომ საქართველოს არცერთი ახალი ხედი იქ არ მოხვდა. 70-80-იანი წლების ალბომებიდან ამოღებული ფოტოები იყო გამოფენილი - ისე გააკეთეს ყველაფერი, თითქოს ბოლო 9 წელია საქართველოში არ ყოფილან. ვიღაცას უნდა, რომ ამ 9 წლის მახსოვრობა ამოშალოს, თუმცა, ყველაფერს ხომ ვერ დაანგრევენ?", - განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, სააკაშვილმა უშუალოდ ბაგრატის ტაძართან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ მწვანე სახურავის გამო მის მიერ ქართული ტრადიციების დარღვევაზე, ძეგლის აღდგენით ძალიან ამაყობს.

კომენტარები