საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მას პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის ინიციატივა არ ეკუთვნის.
"მე მკითხეს, რომ ზაქარია ქუცნაშვილს აქვს ასეთი წინადადება და მხოლოდ ამ კითხვას ვუპასუხე", - განაცხადა ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ კომენტარში ხმალაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული და იქვე განმარტა, რომ "ევროპის ქვეყნებში პრეზიდენტი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არაპირდაპირი წესით ირჩევა".
"ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ეს უფრო უპრიანია. ორ მიზეზს დაგისახელებთ, ერთი ეს არის არჩევნების სიძვირე, მეორე კი - პრეზიდენტს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მატარებელი არ არის, არ უნდა გაუჩნდეს იმის ცდუნება, რომ თქვას, აი, მე ხალხის მიერ ვარ არჩეული და მეტი უფლებები მჭირდებაო", - განაცხადა ხმალაძემ 21 დეკემბერს.
ევროპის საპარლამენტო რესპუბლიკათა უმრავლესობაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ. ესენია: ავსტრია, ფინეთი, პორტუგალია, ირლანდია, ისლანდია, პოლონეთი, ლიტვა, ჩეხეთი, სლოვაკია, რუმინეთი, ბულგარეთი, სერბია, ხორვატია, სლოვენია, მაკედონია, ჩერნოგორია, ბოსნია. შერეული მოდელებიდან, პრეზიდენტს პირდაპირი წესით საფრანგეთსა და უკრაინაში ირჩევენ. კვიპროსში კი, სადაც პრეზიდენტს მოსახლეობა პირდაპირ ირჩევს, იგი ამავდროულად მთავრობის მეთაურიცაა.
არაპირდაპირი წესით ირჩევენ შემდეგ ევროპულ ქვეყნებში - გერმანიაში, იტალიაში, ალბანეთში, ესტონეთში, საბერძნეთში, უნგრეთში, მალტაში, ლატვიასა და მოლდოვაში.
კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა მონარქიაა, სადაც სახელმწიფოს მეთაურს საერთოდ არ ირჩევენ: ბრიტანეთი, ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ჰოლანდია, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი და ა.შ.
გარდა ამისა, არის კიდევ შვეიცარია, სადაც პრეზიდენტის და მთავრობის თავმჯდომარის პოსტები გაერთიანებულია და როტაციულია. სახელმწიფოს მეთაურია კოლეგიური ორგანო - 7 წევრისგან შემდგარი ფედერალური საბჭო, რომელიც იმავდროულად არის ფედერალური მთავრობაც.





