არასამთავრობო ორგანიზაცია

არასამთავრობო სექტორის აქტივობა არჩევნებამდე და შემდეგ

საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ერთიანი საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რიცხვი 2010-დან 2011 წლამდე 14 ათასიდან 16 ათასამდეა გაზრდილი. მიუხედავად არცთუ მცირე რაოდენობისა, მათგან დიდი ნაწილი მხოლოდ ფორმალურადაა რეგისტრირებული, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები კი საერთო რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენენ.

ზოგადად, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ დაბალია მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეც. მაგალითად, G-PAC-ის (აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა) 2011 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობა სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობს, ხოლო ვინც მათ შესახებ იცის, მიაჩნიათ, რომ არასამთავრობოები მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისათვის ზრუნავენ. დაბალია ნდობის მაჩვენებელიც – არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსახლეობის მხოლოდ 18 პროცენტი ენდობა, ხოლო 23 პროცენტი უნდობლადაა განწყობილი. USAID-ის 2011 წლის კვლევის მიხედვით, საზოგადოებისთვის ცნობადია მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია – მათ შორის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), თავისუფლების ინსტიტუტი, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

კვლევიდანვე ირკვევა, რომ არასამთავრობოები მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებენ, თავი გაართვან მნიშვნელოვანი პრობლემის იდენტიფიცირებას და ინფორმაციის მოძიებას. ის, რაც უფრო უჭირთ, არის საზოგადოებრივი ინტერესების ადეკვატურად მოქმედება, ადვოკატირებისთვის საჭირო რესურსების მოძიება და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

არასამთავრობო სექტორის პრობლემები კომპლექსურია და სხვადასხვა მიზეზი აქვს – იქნება ეს დონორებზე დამოკიდებულება თუ მოქმედების არასწორი სტრატეგია. თუმცა საქართველოში არსებობს საზოგადოებისათვის ცნობადი და მეტ-ნაკლებად გავლენიანი რამდენიმე NGO. ამასთან, კვლევები მოწმობს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ცნობადობისა და ნდობის მაჩვენებელი ნელ-ნელა, მაგრამ მაღლდება. მაგალითად, USAID-ის სამოქალაქო ორგანიზაციების კვლევის მიხედვით, 2011 წლისთვის, არასამთავრობოთა რეიტინგმა შედარებით მოიმატა – მას შემდეგ, რაც ეს ორგანიზაციები უფრო კრიტიკულები გახდნენ ადამიანის უფლებების, სოციალური თუ სამართლებრივი პრობლემების მიმართ. სავარაუდოდ, ამ ტენდენციას მედიაში უკეთესმა გაშუქებამაც შეუწყო ხელი.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურობისა და პროცესებში ჩართულობის ფონზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ცნობადობა უკანასკნელ ხანებში გაიზრდებოდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზემოხსენებული NGO-ები, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). დანარჩენებთან ერთად, სწორედ ეს ორგანიზაციები იყვნენ კამპანიის, „ეს შენ გეხება”, ინიციატორები და აქტიურად მონაწილეობდნენ საარჩევნო გარემოსთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

მედია, საარჩევნო კანონმდებლობა, თვითმმართველობები, სამოქალაქო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ ზეწოლად შეფასებული ფაქტები გახლდათ თემები, რომელთან დაკავშირებითაც ხსენებული NGO-ების აქტივობა წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე შესამჩნევი იყო. იგივე საკითხები აქტუალურია არჩევნების შემდგომაც, უკვე სხვა ხელისუფლების პირობებში. საინტერესოა, რა ინტენსივობით და მიმართულებით აგრძელებს არასამთავრობო სექტორი საქმიანობას ახალ რეალობაში.

გასულ თვეებში მედიაგარემოსთან დაკავშირებით არასამთავრობოთა აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო კამპანიის „ეს შენ გეხება” ფარგლებში, ე.წ. must carry-ის მოთხოვნა და მისი შემოღება – საკაბელო ოპერატორები ვალდებულნი გახდნენ, საკუთარ პაკეტში შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი ყველა ქართული არხი ჩაესვათ. Must carry-ის ვადა არჩევნების შემდეგ ამოიწურა, შესაბამისად, ეს ვალდებულება დღესდღეობით საკაბელო კომპანიებს მოხსნილი აქვთ. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა იმ ტელეკომპანიების მაყურებელთა რაოდენობა, რომლებიც მსხვილი საკაბელო კომპანიების ბადეში სწორედ must carry-ის შედეგად გაჩნდნენ – NDI-ის არჩევნების შემდგომი კვლევის მიხედვით, მაესტროსა და მე-9 არხს თვალს მოსახლეობის 46 და 53% ადევნებს.

არჩევნების ჩატარებამდე, „ეს შენ გეხებას” ინიციატორები აქტიურად ითხოვდნენ მის მომდევნო პერიოდში გაგრძელებას, თუმცა არჩევნების შემდეგ, მსგავსი მოთხოვნები ხმამაღლა აღარ ისმის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მოთხოვნა ძალაში რჩება და ის აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუმცა ჯერჯერობით, ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან must carry-ის მოქმედების პერიოდში ჩასმული არხები საკაბელო ოპერატორებმა შემდგომშიც, უკვე ოფიციალური ვალდებულების გარეშე, პაკეტებში დატოვეს.

„ეს შენ გეხება” აქტიურად აკვირდებოდა და რეაგირებდა წინასაარჩევნოდ მედიის გარშემო განვითარებულ სხვა ხმაურიან მოვლენებზე – მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით Global TV-ის სატელიტური თეფშებისა და შემდგომში მაესტროს კუთვნილი ანტენების დაყადაღებისას. „ეს შენ გეხება” და მასში შემავალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესს უკანონოდ მიიჩნევდნენ და აპროტესტებდნენ. არჩევნების მერე, ახალი ხელისუფლების პირობებში, ამ მხრივ ყველაზე რეზონანსული გამოდგა საგადასახადო ორგანოების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმება – იმის გათვალიწინებით, რომ ეს საკითხი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაშიც მოხვდა და „ზეწოლად” შეფასდა.

ადგილობრივ არასამთავრობოებს ამ პროცესისადმი განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუვლენიათ. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის ნაწილი, მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), არხის ხელმძღვანელობისადმი თანამშრომლების პოლიტიკური ზეწოლისგან დაცვის მოწოდებით შემოიფარგლა. ახალგაზრდა იურისტები კი საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არაგეგმიურ აუდიტს ითხოვდნენ – მაუწყებელში დაგროვილი საგადასახადო ვალის ჩამოწერისა და პიკ-ის მმართველ კომპანია ალანიასთან წარმოქმნილი კონფლიქტის გამო.

აღსანიშნავია, რომ როგორც TI, ასევე ახალგაზრდა იურისტები, კიდევ ცხრა ორგანიზაციასთან ერთად, შედიან 2011 წელს დაფუძნებულ კოალიციაში „მედიის ადვოკატირებისთვის”, რომლის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად, მედიაორგანიზაციების მფლობელების და ფინანსების სრულ გამჭვირვალობას ეხებოდა. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, რამდენადაც ცნობილია, ახლაც აწარმოებს მედიაგარემოს მონიტორინგს. ამ ეტაპზე, არასამთავრობო სექტორიდან (TI, ISFED, GYLA), არჩევნებიდან 2 თვის შემდეგ, გამოხმაურება მოჰყვა პრემიერმინისტრის ოჯახის მფლობელობაში არსებული მე-9 არხის (ასევე ინფო 9, ინფო ტვ და ტელეკომპანია თრიალეთში წილი) საკითხს – არასამთავრობოები ივანიშვილის ოჯახს პოლიტიკასა და მათ კუთვნილ მედიასაშუალებებს შორის „გამყოფი ზოლის” შექმნისკენ მოუწოდებენ.

არჩევნების შემდგომ პერიოდზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ყოფილი მაღალჩინოსნების თუ სხვადასხვა სტრუქტურების თანამშრომლების დაპატიმრებებისა და დაკითხვების მიმდინარე პროცესს. მიუხედავად ამ საქმეების რეზონანსულობისა – იგულისხმება საერთაშორისო საზოგადოების და მედიის შეფასება და შეშფოთება – ქვეყნის შიგნით არასამთავრობო სექტორს ჯერჯერობით ამ საკითხზე მკვეთრი რეაგირება არ მოუხდენია. ტაბულასთან საუბარში საია-ს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია მონიტორინგს ყველა ამ საქმეზე აწარმოებს და შეფასებებს სასამართლო პროცესების დაწყებასთან ერთად უნდა ველოდოთ. თუმცა ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ პროცესი NGO-ების ყურადღების არეალში არ მოქცეულა – ყოველ შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია.

სამაგიეროდ, არასამთავრობო სექტორი აქტიურად მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს დაკავებული ადამიანებისთვის პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხში. პოლიტპატიმართა სიის განსაზღვრისას, სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას მოიცავდა (მათ შორის, ნანა კაკაბაძის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”) და მას საქმეების მასალებში პოლიტიკური ნიშნების შესწავლა ევალებოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა 190 პირს პოლიტპატიმრის, 25-ს კი პოლიტიკურად დევნილის სტატუსი მიანიჭა. თუმცა ჯგუფი საწყის ეტაპზევე დატოვეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლებმა. მათ განაცხადეს, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ სიის იმ ნაწილზე, რომელიც მათი შესწავლის ობიექტი არ ყოფილა. თუმცა პოლიტპატიმრად აღიარებაზე საია-მ რეკომენდაცია მისცა 54 პირს, მათ შორის – 26 მაისის მოვლენების დროს დაპატიმრებულებს. ასეთივე რეკომენდაციით პარლამენტს 5 საქმეზე კონსტიტუციის 42-ე მუხლმა მიმართა. ეს პირები სიის საბოლოო ვერსიაში მოხვდნენ.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ განსაკუთრებით აქტუალურია, თვითმმართველობები და მათზე ზეწოლაა. არასამთავრობო სექტორის ნაწილი ამ პროცესს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა (GYLA, ISFED, TI, კონსტიტუციის 42-ე მუხლი) და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ გახშირებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით „უკიდურესი შეშფოთება” გამოთქვა. ასევე მოუწოდა „ყველა პოლიტიკურ პარტიას” ზეწოლისგან თავის შეკავებისკენ, სამართალდამცავ ორგანოებს კი – ფაქტების შესწავლისკენ.

არასამთავრობო სექტორის აქტივობებზე საუბრისას აღსანიშნავია ისიც, რომ არჩევნების შემდეგ რამდენიმე ახალი NGO შეიქმნა, რომელთა აქტივობები მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელია: მათ შორისაა საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), რომელიც უფრო მეტად საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხებზეა ორიენტირებული, ასევე ტოლერანტობის სახლი, რომელიც ნიგვზიანში მუსლიმთა უფლებების დარღვევას აპროტესტებდა.

 

კომენტარები