რუსეთი

პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიანიჭა

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ბრძანების თანახმად, დეპარდიემ რუსეთის პრეზიდენტს თავად მიმართა მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. 
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში ჟერარ დეპარდიე მაღალი გადასახადების გამო საფრანგეთიდან ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად. საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ჟან-მარკ ეირომ მსახიობის ამ გადაწყვეტილებას „უსუსური“ უწოდა, რაც დეპარდიემ შეურაცხყოფად აღიქვა და დაიმუქრა, რომ უარს იტყვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე.
2012 წლის დეკემბერში პუტინი ფრანგ მსახიობს რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. დეპარდიესთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას კი 2 იანვარს მოაწერა ხელი. 
ფრანსუა ოლანდის მთავრობა გეგმავს საფრანგეთში მდიდრებისთვის საშემოსავლო გადასახადის 75%-მდე გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოლანდის მთავრობის ინიციატივა არაკონსტიტუციურად ცნო, საფრანგეთის პრეზიდენტი მაინც გეგმავს აღნიშნული საგადასახადო რეფორმის გატარებას.

კომენტარები