ეგვიპტე

ეგვიპტელებმა ახალ კონსტიტუციას მხარი დაუჭირეს

ეგვიპტეში რეფერენდუმის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელსაც ქვეყნის ახალი კონსტიტუციის ბედი უნდა გადაეწყვიტა. ევრონიუსის ცნობით, საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ახალ კონსტიტუციას ეგვიპტელთა 64%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 34% იყო. 
 მურსის ოპოზიცია აცხადებს, რომ შედეგები გაყალბებულია. "არჩევნების შედეგებიცა და მურსის ხელისუფლებაც ყალბია. ჩვენ არ ვაღიარებთ რეფერენდუმის შედეგებს და ვგმობთ მუსლიმთა საძმოს რეჟიმს", - განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა სალიდ შააბანმა. 

 ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ეგვიპტის პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ. ისინი კაიროს ქუჩებში გამოვიდნენ და ქვეყანაში ახალი ეტაპის დაწყებას აღნიშნავდნენ. 
"ჩვენ თავიდან უნდა დავიწყოთ ეგვიპტის აღმშენებლობა, რადგან ახლა მეტად თავისუფლები ვართ. ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში - ქალებმა, კაცებმა, მუსლიმებმაც და ქრისტიანებმაც", - განაცხადა მუსლიმთა საძმოს ლიდერმა მოჰამედ ბადიმ. 
უახლოეს ორ თვეში ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 
რეფერენდუმს წინ უსწრებდა მასობრივი დემონსტრაციები. საპროტესტო აქციების მონაწილეების აზრით, ახალი კონსტიტუცია  ქვეყნის პრეზიდენტს მოჰამედ მურსის უფლებამოსილებას უზრდის. გარდა ამისა, არ იძლევა ქალთა და ქვეყნის ქრისტიანი მოსახლეობის (10%) უფლებების დაცვის გარანტიებს.

კომენტარები