სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეროვნული საარჩევნო კომისიის უკანასკნელი მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობა 75.5 პროცენტია. პრეზიდენტის პოსტისთვის ერთმანეთს  მმართველი კონსერვატიული პარტიის, სენურის, კანდიდატი, პაკ კინ-ჰე და მემარცხენე დემოკრატიული გაერთიანებული პარტიის ლიდერი მუნ ჟე-ინი ებრძვიან. Reuters-ის თქმით, წინასწარი გამოკითხვებით და ექსპერტთა მოსაზრებებით, მუნის დასაყრდენი ძირითადად ახალგაზრდა ამომრჩეველია და ამომრჩევლის მაღალმა აქტივობამ შეიძლება მის სასიკეთოდ გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. აღსანიშნავია, რომ თუ  პაკი გაიმარჯვებს, ის იქნება სამხრეთ კორეის პირველი ქალი პრეზიდენტი. Exit-poll-ების შედეგებით, პაკს 50.1%-ის მხარდაჭერა აქვს, ხოლო მუნს 49.0%-ისა. 

პაკის მამა, პაკ ჩონ ჰი, 1961 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა სამხრეთ კორეის სათავეში და 18 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას. მან დიდი როლი ითამაშა 1950-53 წლების ომის შემდგომ, ქვეყნის ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში. თუმცა ოპონენტები მას დიქტატორად მიიჩნევენ და მოსახლეობის ოპრესირებაში სდებენ ბრალს. ბევრი ადამიანი, მათ შორის  ოპოზიიციის კანდიდატი მუნი, დააპატიმრეს გენერალ პაკ ჩონ-ჰის მმართველობის დროს.

ჩრდილოეთ კორეის მიერ უკანსკნელ დღეებში სარაკეტო ცდების მიუხედავად, სამხრეთ კორეის არჩევნებზე საშინაო საკითხებს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა, რომ 2012 წლის არჩევნებზე ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის საკითხები დომინირებს. სეულის ეკონომიკური ზრდა 2013 წლისათვის 3.4 პროცენტია, რაც ნავარაუდევზე (4.2 %) ნაკლებია. დიდია ასევე შიდა სამეურნეო ვალი. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ახალი პრეზიდენტი, მას ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

 

 

კომენტარები