მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომლის გადარჩენა მთელ მსოფლიოს უღირდა

პოლონეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გუშინ ქალაქ კრაკოვში, პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო.

"ლეხ კაჩინსკი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ადამიანია არა მარტო პოლონეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. მახსენდება ის ტრაგიკული დღე, როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე. უნდა გავაანალიზოთ, რა გააკეთა კაჩინსკიმ სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად 2008 წელს. მან შეკრიბა ევროპელი ლიდერები. დიდი საერთაშორისო მობილიზაცია შექმნა, რის შედეგადაც საქართველო გადარჩა. დამპყრობლებმა ვერ დაამხეს ქართული სახელმწიფოებრიობა და ვერ შეცვალეს კურსი. რა თქმა უნდა, ლეხ კაჩინსკის როლი ამ პროცესში განსაკუთრებული იყო", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს  პრეზიდენტმა შესაძლო საფრთხეებზეც ისაუბრა. 

"ვიდრე დამპყრობელი დგას საქართველოს მიწაზე, ჩვენ ომი არ მოგვიგია, თუმცა რადგან საქართველო გადარჩა, არც დამპყრობელს მოუგია. ფრთხილად უნდა ვიყოთ და რაც მან 2008 წელს ვერ გააკეთა, უკვე ახალ ეპოქაში ჩვენივე ხელებით არ უნდა გავაკეთოთ. 2008 წელს ჩვენ ვიყავით ისეთი ქვეყანა, რომლის გადარჩენა მთელ მსოფლიოს უღირდა და ჩვენ კვლავ ასეთ ქვეყნად უნდა დავრჩეთ. უნდა შევინარჩუნოთ სიმპათია და თავიდან ავირიდოთ სამხედრო კონფრონტაციები, რადგან თუ დასავლეთის სიმპათია დავკარგეთ, ჩვენი მშველელი არავინ იქნება და ეს უნდა გავიაზროთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები