საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ვაკო ავალიანი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა ჩიხრაძე ავრცელებენ.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა კალიბრისა და მოდელის მაყუჩიანი იარაღი ამოიღეს, რომელიც რეგისტრირებული არსად არ არის.
სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია იარაღის თაობაზე მათ მოქალაქემ მიაწოდა, რომლის ვინაობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ.




