ვანო მერაბიშვილი აბსურდულს უწოდებს, შსს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ყოფილი პრემიერმინისტრი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ცდილობდა სახელმწიფო საზღვის გადაკვეთას.
„უკვე ორი თვეა, რაც ეს ხელისუფლება მოვიდა და აბსურდებმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ის სერიოზულად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ ყალბი პასპორტით ვცდილობდი პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ერევანში გაფრენას. ყველამ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება აპირებს ყველა დააშინოს და დააკავოს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, - განაცხადა მერაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ყოფილი პრემიერმინისტრი განმარტავს, რომ ასეთი შემთხვევა, მხოლოდ მას რომ ეხებოდეს, იუმორით შეხედავდა საქმეს. მისი თქმით, ის რაც ქვეყანაში ხდება, მთელ საზოგადოებას აზარალებს.
„მაღალჩინოსანს ჩაუდეს იარაღი, რომ დაეკავებინათ. დღეს გოგა ხაჩიძის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა, ახლა ჩემთან დაკავშირებით გააკეთეს განცხადება. ეს ეხება მთელს საზოგადოებას, რადგან ხელისუფლება აპირებს მას თვალში ნაცარი შეაყაროს“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.




