საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრემიერის დმიტრი მედვედევის 29 ნოემბერს გაკეთებულ კომენტარზე საპასუხო განცხადებას ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მედვედევმა გაზეთ კომერსანტის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არის, ''არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით'', სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე რუსეთის გადაწყვეტილებაც იგულისხმება.
ზურაბ აბაშიძე მიესალმება იმ ტენდენციას, რასაც მედვედევი ''საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან დიალოგის, ასევე, რუსეთსა და საქართველოს შორის ჰუმანიტარული, კულტურული, სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის'' პერსპექტივის კუთხით ამჟღავნებს. თავის მხრივ, სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საკუთარი პოსტის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ამ თანამდებობის შემოღებით პრემიერი ივანიშვილი ხაზს უსვამ ''რუსეთთან პროგნოზირებადი, პრაგმატული და კეთილსინდისიერი ურთიერთობების'' ჩამოყალიბების პრიორიტეტულობას.
ზურაბ აბაშიძე საკუთარ განცხადებაში 2008 წლის აგვისტოს ომისა და მისი შემდგომი მოვლენების შეფასებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ''ქართულ და რუსულ მხარეებს კარდინალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე''.
''საერთო ინტერესების ძიება, ჩვენი აზრით, უნდა მოხდეს ყოველგვარი წინაპირობების, განსაკუთრებით კი ისეთი სახის დათქმების გარეშე, რომლებიც დასაწყისშივე გამორიცხავს დიალოგის წარმატებას'', - ნათქვამია ზურაბ აბაშიძის განცხადებაში.




