პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი Washington Post-ის პუბლიკაციას დღევანდელ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა, სადაც ნეტგაზეთმა ამერიკაში გადადებული ვიზიტის შესახებ კითხვა დაუსვა. ივანიშვილის თქმით, მას ამერიკაში არა Washington post-ის რედაქცია, არამედ ხელისუფლება იწვევდა სტუმრად.
"საოცარია, როგორ მოახერხა და დაიბეჭდა ასეთ წერილი. ჩვენი პრეზიდენტი, რაც ქონდა კარგად აწყობილი, ამას აკეთებს ახლა. ევროპაშიც იბეჭდება რაღაც გაურკვეველი წერილები და იქაც ჩვენ გავაკეთებთ რეაქციას. მოხდება მათთან დაკავშირება, მაია ფანჯიკიძე ახლა ამერიკაშია. ჩვენ Washington Post არ გვეპატიჟება, გვეპატიჟება ამერიკის ხელისუფლება. გაზეთს აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ იქაც ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ობიექტურობას, მე დასკვნას არ გავაკეთებ და თუ ამის მსგავსი მცდელობაა გაზეთის მხრიდან, რეაგირებას გავაკეთებთ, დავუკავშირდებით და მოვთხოვთ პასუხს, რის საფუძველზე გააკეთა ეს დასკვნები. მარტო სააკაშვილი ეხმარებოდა თუ ვინ ჰყავთ კიდევ მრჩეველი. აი, გლუქსმანი მაგალითად. ეს არის კოჰაბიტაცია მაგათი პრინციპების, რომ ჩვენზე პასკვილებს გზავნიან ყველგან. ასე თანამშრომლობენ ახალ ხელისუფლებასთან", - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას კომენტარს, სადაც საუბარი დემოკრატიისთვის აუცილებელ წითელ ხაზებზე იყო.
"ისინი ამბობენ, თითქოს ჩვენ წითელი ხაზი უნდა ვავლოთ, რაზეც ბოკერია ასე გაცხარებით საუბრობდა, რომ ეს არის დემოკრატია. დემოკრატიას სამი კაცი არ აყალიბებს. დემოკრატიას სჭირდება კანონმდებლობა. სამ-სამი კაცი თითო საათით ვერ განსაზღვრავს დემოკრატიის საზღვრებს", - აღნიშნა ივანიშვილმა.





