საპატრიარქო

ქორეპისკოპოსი იაკობი: ერის აბუჩად ადგებას თავი დაანებეთ

მოვუწოდებ თითზე ჩამოსათვლელ ხალხს ერის აბუჩად აგდებას თავი დაანებონ, განაცხადა საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა. 

"მოვუწოდებ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, ერის აბუჩად აგდებას თავი დაანებონ და თუ არ შეინანებენ, აღიარონ. ამით ისინი სხვებს დაიცავენ, რადგან მათ გამო ბევრი შიშის ქვეშ არის. შეიძლება მონანიების შედეგად ისე შეიცვალონ, რომ ქვეყანას ბევრი სასიკეთო რამ გაუკეთონ. არის რაღაც, რასაც თუ არ მოინანიებენ, არ დავუვიწყებთ და ადრე თუ გვიან პასუხსაც მოვთხოვთ. ქვეყნის ბედს ვიღაცების ხუშტურებს ვერ შევწირავთ. მე ერთი ვარ და შესაძლოა დამემუქრო სიცოცხლის ხელყოფით, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ მარტო არ ვარ. რამდენი უნდა გაგვანადგუროთ?!", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

"არ მინდა ვინმე გავაღიზიანო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მე არავისთან დამთმობი არ ვარ, რა რეგალიაც არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ, მღვდელმთავრებს ზნეობრიობის დაცვა გვევალება და ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ერისთვის. შეშინებული მღვდელმთავარი რაღაცებზე თვალს რომ დახუჭავს, როგორი სანახავია?! ჩვენ იქამდე ვიტყვით ამ სიტყვებს, ვიდრე ზოგიერთებს გული არ გაულღვებათ. ახლა აპირებენ დაპირისპირებას სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, პრესით და ტელევიზიით, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ სინანულზე და კონკრეტულ ცოდვებზე ვქადაგებთ, რადგან მრავალი ადამიანის სისხლი შეღაღადებს ზეცას. ხელის თითებზე ჩამოითვლება ამის თავი და თავი ადამიანები. რომ არა მათი აკვიატებული და კატეგორიული აზროვნება, საქართველო ამას ასცდებოდა. ამ სიტყვებს იქამდე მოისმენენ, ვიდრე არ შერცხვებათ და თავიანთ საქმეებს არ აღიარებენ. ჩვენ პრესით და ტელევიზიით გამოჭენების არ გვეშინია", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ქორეპისკოპოსმა იმ თეოლოგებზეც ისაუბრა, რომლებიც სასულიერო პირებს პოლიტიკური განცხადებებისთვის აკრიტიკებენ და მოუწოდა მათ, ისაუბრონ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასულიერო პირები საეკლესიო მსახურის მოვალეობის წესებს არღვევენ: "სხვა შემთხვევაში კი, მე ვერავინ მასწავლის რისი უფლება მაქვს და რისი არა. ეპისკოპოსი ვარ, მაგრამ ვინ წამართვა საქართველოს მოქალაქეობა?! ამიტომ ვერც სიკვდილის შიში ან მუქარა, ვერც პრესით და ტელევიზიით სხვადასხვა გადაცემების კეთება უკან ვერ დაგვახევინებს. ყოველთვის შევახსენებთ, რომ შეინანონ. საბჭოთა მეთოდების დრო წავიდა, აღარ არის ანდროპოვის ეპოქა, რომ შემაშინონ. ვისაც აშინებდნენ, გააგრძელონ მათი დაშინება ასეთივე წარმატებით. მაგათი როგორ უნდა შემეშინდეს?!" განაცხადა ქორეპისკოპოსმა. 

კომენტარები