პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის სასახლისა და მისი ხარჯების შესახებაც ისაუბრა. პრემიერმინისტრი რეზიდენციების მშენებლობას მიუღებლად მიიჩნევს. მისი თქმით, მსგავსი გაუგებარი ხარჯების შემცირებით სოციალური სფეროს დაფინანსება გაიზარდა.
"თვითონ განსაჯეთ, ქუთაისში აქვს მარტო 2 რეზიდენცია - პარლამენტსა და მთავრობის სახლში, თბილისში ჩემი კაბინეტის თავზე აქვს იმდენივე ფართი, რომელიც დალუქულია და არავინ შედის. სწორედ ამ ხარჯების შემცირებით გავზარდეთ განათლებისა და სოციალური დაცვის ხარჯები. ჩემი აზრით, ეს სასახლე ფეოდალურ პირველ პირს შეეფერება. ასეთ სახელწიფოში რომ ასეთი სასახლე გაქვს, ეს არის დემოკრატიულობა?" - განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა იუსტიციის სახლების შესახებ და აღნიშნა, რომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს და არც თბილისში აშენებული ახალი სახლი მოსწონს არქიტექტურულად.
"როგორ შეიძლება მარტო იუსტიციის სახლები. რა არის იუსტიციის სახლები. ამით გვეშველა თუ რა? ისეთი სასახლეებით გართობა, რითაც ჩვენი პრეზიდენტი ერთობა დღეს, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ, მენტალურად ფეოდალური წყობის შესატყვისობაში მოდის", - აცხადებს ივანიშვილი.
პრემიერმინისტრის თქმით, მას არც პარლამენტის ახალი შენობა მოსწონს, რადგან ის სრულიად გამოუსადეგარია.




