კრივი

გულჩვილი, შეუბრალებელი და დაუმარცხებელი როკო

სპორტში არსებობს რიცხვები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. კალათბურთში 100 – უილტ ჩემბერლენის მიერ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რეკორდს აღნიშნავს, ბეისბოლში 56 – ჯო დიმაჯიოს 56-ჯერ ზედიზედ სუფთად მოგებული თამაშია. კრივში ასეთი ორი ციფრია: 49 და 0 – როკი მარჩიანოს რეკორდი.

დიახ, როკი მარჩიანო ერთადერთი წაუგებელი მძიმეწონოსანია პროფესიონალური კრივის ისტორიაში. მან, 49 ბრძოლიდან, ყველა მოიგო, თან 43 – ნოკაუტით.

როკო ფრენსის მარკეჯანო მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბროკტონში, იტალიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამის კვალზე წასვლა და სიცოცხლის ბოლომდე ფეხსაცმლის ქარხანაში მუშაობა თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ 18 წლის ასაკში მოხდა ფაქტი, რამაც დიდი როლი ითამაშა მარჩიანოს, როგორც მოკრივის ჩამოყალიბებაში – როკო ჯარში გაიწვიეს. ბრიტანეთის ნაპირებთან, სხვადასხვა ბარებსა და პაბებში ჩხუბი ფაქტობრივად ყოველდღიურ მოვლენად ექცა და ამ არაჩვეულებრივი მეთოდით ავითარებდა როკი მუშტი-კრივის ხელოვნებას. ამასთან, დაეუფლა ილეთებს, რომლებზეც არაფერი იცოდნენ კლასიკურ კრივში, მაგალითად, დაბლიდან დგომას. სწორედ საზღვაო ძალებში მსახურობისას დაიწყო დარტყმების დამუშავება წყალქვეშ, რასაც შემდგომში პროფესიული კრივის მატჩებისთვის მოსამზადებლად იყენებდა. დღემდე ითვლება, რომ ვარჯიშის ეს ფართოდ გავრცელებული მეთოდი, სწორედ მარჩიანომ შემოიღო.

ჯარიდან დაბრუნებულ როკის მძიმე სურათი დახვდა – ოჯახს, ფაქტობრივად, უსახსროდ უწევდა ცხოვრება. როკიმ კი, როგორც უფროსმა შვილმა, გადაწყვიტა თავად აეღო პასუხისმგებლობა მშობლებსა და და-ძმაზე. ძნელი სათქმელია, სიდუხჭირემ აიძულა ასეთი მიზანმიმართული გამხდარიყო, თუ სისხლში ჰქონდა ეს თვისება, მაგრამ ფაქტია – ოჯახის წევრები და მეგობრები ყოველთვის აღნიშნავდნენ: მარჩიანო ყველაფერს თმობდა, გულის წასვლამდე ვარჯიშობდა, რომ შედეგისათვის მიეღწია.

„როკი, რატომ არ მიდიხარ სახლში? დაივიწყე კრივი. არასოდეს გამოგივა”, – კრივის მწვრთნელის, ჯო სარელის მიერ ნათქვამი ამ სიტყვების შემდეგ გავა 6 წელი და 1952 წლის 23 სექტემბერს მარჩიანო მძიმეწონოსანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. ამ 6 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, კარგიც და ცუდიც. ნომერ პირველად ყოფნა ბროკტონელი

როკი მარჩიანო და მუჰამედ ალი
ბლოკბასტერისთვის (მარჩიანოს მეტსახელი) იოლი სულაც არ იყო.

რინგზე და მის გარეთ მარჩიანოს უამრავი სირთულის გადალახვა უწევდა. იტალიელი ემიგრანტების გარდა ყველა აკრიტიკებდა – იძახდნენ, რომ მისი ყოველი მატჩი სისხლიანი იყო, არ ჰქონდა ელეგანტური ბრძოლის მანერა, მაგრამ ეს არც არის გასაკვირი. 1.80 სიმაღლის როკი, მძიმე წონოსანისთვის საკმაოდ დაბალი იყო და ყოველ მატჩში უწევდა ამ ფიზიკური სისუსტის რაიმეთი კომპენსირება. საერთოდ, ჩემპიონს ჰქონდა უნიკალური თვისება, საკუთარი ნაკლი უპირატესობად ექცია. აქედან გამომდინარე, სიმაღლეში ჩამორჩენის კომპენსირებას ახლო ბრძოლაში მომაკვდინებელი მოკლე დარტყმებით ახერხებდა. მისი მარჯვენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნებისმიერი კომპლექციის მოკრივისთვის სასიკვდილო ხიფათს წარმოადგენდა. წყალქვეშ დარტყმების ვარჯიშს შემდგომში ტბაში უზარმაზარი ლოდების სროლაც რომ დაამატა, მკლავის მოქნევის სისწრაფეც გაეზარდა და... ეს ყველაფერი საკუთარ თავზე (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) 43-მა მოკრივემ გამოსცადა.

პროფესიული კარიერის დაწყების შემდეგ (1948) მარჩიანომ 16 ბრძოლა ჩაატარა ისე, რომ უკლებლივ ყველა მოწინააღმდეგეს აგემა ნოკაუტი. პრესაში უკვე იცოდნენ მასაჩუსეტსელი მძიმეწონოსნის შესახებ, რომელიც შეუბრალებლად ანადგურებდა ყველას.

მარჩიანოს მენეჯერმა ალ უაილმა მას გვარის შეცვლა მოსთხოვა, რადგან მარკეჯანო რთული წარმოსათქმელი იყო. სწორედ ასე გახდა როკო ფრენსის მარკეჯანო ჯერ როკი მაკი (Rocky Mack) და შემდგომში როკი მარჩიანო.

უნდა აღინიშნოს, რომ მარჩიანო ცხოვრების ასკეტურ სტილს მისდევდა. მისთვის უცხო იყო სიგარეტის, სიგარის თუ სასმელის გემო, რაზეც კოლეგები ხშირად ეხუმრებოდნენ ირონიულად, მაგრამ მან დისციპლინა ბოლომდე შეინარჩუნა. ხასიათით ძალიან კეთილი, გულღია და დადებითი ადამიანი იყო. მისი მწვრთნელი, ჩარლი გოლდმანი იხსენებდა: „როდესაც როკის პირველად შევხვდი, იმ წამსვე დავმეგობრდით, ანდა როგორ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო, ის ხომ მუდამ ძალიან გულიანად იღიმებოდა”.

მისი ხასიათის ეს შტრიხები შემდგომში, 1949 წლის 30 დეკემბერს ნათლად გამოჩნდა. ეს იყო მარჩიანოს 24-ე ბრძოლა, რომელიც კარმაინ ვინგოს წინააღმდეგ გამართა. მეექვსე რაუნდში როკიმ ვინგო ნოკაუტში გაგზავნა, რის შემდეგაც ექიმმა ვერაფერი გააწყო და გათიშული მოკრივე საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც კომის დიაგნოზი დაუსვეს. მარჩიანოს მეგობარი

ჯო ლუისი და როკი მარჩიანო
ბრუნო ტატალია და მისი ძმა პიტერ მარჩიანო იხსენებდნენ, რომ ეს იყო გზაჯვარედინი მოკრივის ცხოვრებაში... „როკი არ იყო ბიჭი, რომელიც იტყოდა – ჰო, მე გავიმარჯვე, მას კი რაც უნდა ის მოსვლია. არა, ზუსტად მახსოვს მისი ემოციები და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კარმაინ ვინგოს ახლობლებზე მეტად როკი განიცდიდა. ეს იყო გზაჯვარედინი მის ცხოვრებაში, მან გააანალიზა, რომ შეეძლო სიცოცხლე წაერთმია მეტოქისათვის. ამ მომენტში მიხვდა, თუ რა იყო ნამდვილი კრივი და რა ზიანის მოტანა შეეძლო”. კარმაინ ვინგო ორი დღე იყო კომაში და ეს პერიოდი მარჩიანო მას გვერდიდან არ მოსცილებია. შემდგომში კი, როცა მოკრივე გონს მოვიდა, როკიმ მთელი იმ მატჩის ჰონორარი მეტოქეს გადასცა. ასეთი იყო როკი მარჩიანო რინგს გარეთ.

„მარჩიანო მოყვარულია. მე მას ნოკაუტში ჩავაგდებ”, – ეს მსოფლიოს ჩემპიონის ჯერზი ჯო უოლკოტის სიტყვებია. მასთან ბრძოლა როკისათვის ის ნანატრი საშუალება იყო, რომლისკენაც ამდენი ხანი, ასე რთულად მიილტვოდა – როკო ფრენსის მარკეჯანოს მოგების შემთხვევაში პირველად შეეძლო მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო. ფსონები ერთმნიშვნელოვნად უოლკოტის სასარგებლოდ იდებოდა. მოკრივის ძმა, ლუის მარჩიანო იხსენებს: „შიში? არა, როკის არ ეშინოდა. მე საერთოდ არ მგონია, რომ მას ვინმესი ეშინოდა. მახსოვს, უოლკოტთან ბრძოლამდე მე და ჩემი ძმა ქუჩაში ვსეირნობდით და ვკითხე: როკი, რას გრძნობ? უოლკოტი ხომ ასეთი სახელგანთქმული მოკრივეა, არ გეშინია წაგების? მან კი გამომხედა და მითხრა: ლუის, შენ მცირედი ეჭვი მაინც გაქვს, რომ მე ამ ბრძოლას წავაგებ? არა, მე ამას არ დავუშვებ!”.

ჯერზი ჯო უოლკოტმა ერთმნიშვნელოვნად თავისი საუკეთესო ბრძოლა ჩაატარა მარჩიანოს წინააღმდეგ. პირველ რაუნდში მისმა მარცხენამ როკი ნოკდაუნში გაგზავნა – ეს იყო პირველი შემთხვევა მარჩიანოს კარიერაში, როდესაც ვინმემ მისი ნოკდაუნში გაგზავნა მოახერხა (ეს სულ ორჯერ მოხდა). როკი წამოდგა, გააგრძელა ბრძოლა, მაგრამ მეექვსე რაუნდში უცაბედად მხედველობა დაკარგა. „ვერაფერს ვხედავ”, – იძახდა მოკრივე, თვალებზე კი არაფერი ეტყობოდა. შედეგად, ორი-სამი რაუნდის განმავლობაში მან იმდენი დარტყმა მიიღო, რომ ქულებით მოგება გამოირიცხა.

ჩარლი გოლდმანმა, რომელიც მისი ერთგული მეგობარი და მწვრთნელი იყო, იცოდა, რომ ერთადერთი, რაც მარჩიანოს ამ ბრძოლაში გამარჯვებას მოუტანდა, იყო ნოკაუტი, ეს კი იმ სიტუაციაში არარეალურად ეჩვენებოდა. მეცამეტე რაუნდის ბოლოს, როდესაც როკი კუთხეში იჯდა და შემდგომი რაუნდისათვის ემზადებოდა, გოლდმანმა უთხრა: “უბრალოდ გადი და ყუმბარისებურად დაარტყი!” შემდეგ მოხდა ის, რასაც მძიმე წონის კრივის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამანადგურებელ ნოკაუტს უწოდებენ – მეთოთხმეტე რაუნდში როკი მარჩიანომ, თავისი საფირმო მარჯვენათი ერთი დარტყმით დაანარცხა მიწაზე ჯერზი ჯო უოლკოტი და მოიპოვა მძიმეწონოსანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, რომელიც აღარავისთან

ჯო უოლკოტი და როკი მარჩიანო
წაუგია.

ამ მართლაც შესანიშნავ ბრძოლას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი ითქვა და დაიწერა. „საერთოდ არაფერი მახსოვს. ახლაც ვერ ვხვდები რა მომხვდა”, – ეს ჯ. ჯ. უოლკოტის სიტყვებია. უფრო მნიშვნელოვანი რამ კი ჯერზი ჯომ მარჩიანოს უთხრა: „მე მომწონდა ეს ტიტული. არ მსურდა მისი დათმობა, მაგრამ თუ ასე უნდა მომხდარიყო, მოხარული ვარ, რომ ეს შენთან ბრძოლაში მოხდა. შენ კარგი მებრძოლი ხარ და შესანიშნავი ჩემპიონი იქნები”.

ჯეკ დემფსის შემდეგ როკი მარჩიანო პირველი მოკრივე გახდა, ვინც თეთრკანიანებს იმედი ჩაუსახა. ხალხი ყოველთვის ადარებდა მას აფროამერიკელ კონკურენტებს, როკის კი ასეთი შედარებები არ აინტერესებდა – მისი კერპი იყო დიდი ჯო ლუისი, მოსწონდა არჩი მური და ჯერზი ჯო უოლკოტი, რომლებიც, პარადოქსია, მაგრამ სათითაოდ გაგზავნა ნოკაუტში.

ჯო ლუისი საერთოდ სხვა თემაა. მეორე მსოფლიო ომამდე ის მართლაც შესანიშნავი იყო – ნაციონალური გმირი. ბევრის აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო მოკრივეა. როდესაც ლეგენდამ მარჩიანოსთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა, როკი სიამოვნებით დათანხმდა. მას იმედი ჰქონდა, რომ ახლა მაინც გააჩუმებდა კრიტიკოსებს, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნაკლზე მიუთითებდნენ. ამის გაკეთება კი ძალიან რთული იყო. თავად განსაჯეთ: სიმაღლეში მარჩიანო ლუისს 8 სანტიმეტრით ჩამორჩებოდა, ხოლო წონაში – 12 კილოგრამით. მერვე რაუნდში როკიმ თავისი ბავშვობის კერპი ნოკაუტში გაუშვა. დიდი ჯო რინგის ბაწრებს შორის ისე გაეხვია, კინაღამ გადავარდა.

56 წლის წინ, 27 აპრილს, არჩი მურის ნოკაუტში გაგზავნის შემდეგ, როკი მარჩიანო კრივიდან წავიდა. მას უბრალოდ მიზანი აღარ ჰქონდა, არ არსებობდა მოკრივე, რომელსაც მისი დამარცხება შეეძლო. ექვსჯერ მოუწია ტიტულის დაცვა და ექვსივეჯერ მოახერხა, აქედან ხუთჯერ ნოკაუტით.

კრივიდან წასვლის შემდეგ მარჩიანო წარმატებული ბიზნესმენი გახდა.

1969 წლის 31 აგვისტოს, საკუთარ დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, თვითმფრინავმა, რომელიც როკო ფრენსის მარკეჯანოს ეკუთვნოდა, კატასტროფა განიცადა. როკი დაიღუპა.

კომენტარები