ნოემბერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტ „ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. გამოსვლაში სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს შეეხო - მან ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნების დაკავებებსა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო, ძალაუფლების კონსტიტუციური გზით გადაცემა, იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, დასრულდეს პოლიტიკური სპექტრისთვის დამახასიათებელი ძალადობრივი რიტორიკა და საქართველოში დემოკრატია საბოლოოდ დამკვიდრდეს. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ახალ მთავრობასთან:
„მე მინდა, საქართველო ისეთი ქვეყანა იყოს, სადაც ერთმანეთს კი არ კლავენ და იჭერენ იმის გამო, რომ ძალაუფლება იცვლება, არამედ ჩვულებრივად გრძელდება ცხოვრება. ეს არის საოცარი შესაძლებლობა, განვავრცოთ ის, რასაც უკვე მივაღწიეთ, რათა შეუქცევადად დავდგეთ მშვიდობის, კეთილდღეობის და უსაფრთხოების გზაზე. ჩვენ ყველას უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო გახდეს ნორმალური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო... იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს მიღწეული წარმატებების განვითარებას მათი განადგურების ნაცვლად“.
მიხეილ სააკაშვილმა წუხილი და შეშფოთება გამოხატა ბოლო პერიოდში გახშირებული დაკავებების გამო. მან შემაშფოთებელი უწოდა იმ გზავნილებსაც, რომელიც ახალი მთავრობისგან ამჟამად ისმის. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „დაპატიმრებების ტალღა“ შემაშფოთებელია საქართველოს დასავლელი მოკავშირეებისთვის.
„მთავრობის მაღალჩინოსნებმა გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ტალღა გაგრძელდება და მიზანში ამოიღებს ბევრ პოლიტიკურ ოპონენტს. საჯარო და პირად საუბრებში, რამდენიმე ისეთი გზავნილი დაფიქსირდა, რომელიც ცალსახად უკიდურესად სანერვიულოა და შემაშფოთებელი. ჩვენ ვისმენთ, რომ ყველა დასაჭერია. ... პროკურორმა გამოაცხადა, რომ არ არსებობს ძველი მთავრობის არცერთი თანამდებობის პირი, რომელიც არ გადის დასაჭერების დავთრებში.
შესაძლოა, ზუსტი შედარება არ არის, მაგრამ გამახსენდა საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი რობესპიერი: დღეში რამდენიმე ადამიანს ჭრიდნენ თავს საფრანგეთში. მათ შორის პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ოპონენტებს. მერე შეკრიბა პარლამენტი და უთხრა, ბევრი ვიმსჯელე და გადავწყვიტე, რომ ყველა დასაჭერი ხართო. პარლამენტი მანამდე ითმენდა, მაგრამ როდესაც ეს გამოუცხადა, პარლამენტი შეიკრიბა და რობესპიერს გამოუტანეს სიკვდილით დასჯა. ის, რაც მაშინ გააკეთეს რობესპიერმა და მისმა მეგობრებმა, საფრანგეთს რამდენიმე ათეული წელი წაჰყვა და დღემდე ძაან ნეგატიურ შლეიფად მიჰყვება“.
სააკაშვილის შეფასებით, სიტუაცია ჯერ კიდევ არ არის შეუქცევადი. მან ახალ უმრავლესობას მოუწოდა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი, წინასაარჩევნო სოციალური დაპირებების შესრულებით და საქართველოს ევროპული მომავლისკენ სვლით დაკავდეს, თითოეული მოქალაქის კუთვნილი სახელმწიფო ინსტიტუტები კი მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად არ გამოიყენოს. სააკაშვილის თქმით, მისი, როგორც პრეზიდენტის, მოვალეობაა, იყოს ამ ინსტიტუტების გარანტი:
„როგორც პრეზიდენტმა, მე გადავეცი ახალ მთავრობას აღმასრულებელი ძალაუფლების უმეტესი ნაწილი. ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლია, ვიყო გარანტი იმ ინსტიტუტების, რომელიც ჩვენ შევქმენით. მაშასადამე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვუწოდოთ მთავრობას, დაემორჩილოს საერთო წესებს და პატივი სცეს კონსტიტუციას. ეს ჩვენი ერისთვის გადამწყვეტი მომენტია. მოდით, ნუ გავიფუჭებთ ამ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცა ბოლოდროინდელი ძალაუფლების გადაბარების პროცესმა... დღეს გვაქვს შანსი, წინ წავიწიოთ ევროპულ ინსტიტუტებში“.
პრეზიდენტმა გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო საუბარს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის გადამწყვეტ მნიშვნელობასა და ამის შესაძლო ხელისშემშლელ ფაქტორებზე. მისი თქმით, გარკვეული მოქმედებებით საქართველო, შესაძლოა, იზოლაციაში აღმოჩნდეს და შესაბამისად, რუსეთის შესაძლო აგრესიის წინაშე მარტო, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დარჩეს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მისამართით კრიტიკა მას არ ახარებს:
„დღეს პრორუსული პოლიტიკა და ლოზუნგები შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ თუ ჩვენ ისეთ რამეებს გავაკეთებთ, იზოლაციაში აღმოვჩნდებით ევროპისა და ამერიკისგან, ავტომატურად ადვილი ლუკმა გავხდებით. საქართველოს არ აქვს არჩევანი... ნატო არაა ახირება, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გრძელვადიანი გარანტი. ყველანაირი წინსვლა ნატოში არის შემკავებელი. 2008 წელს ჩვენ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა. მე როდესმე მითქვამს, რომ ომი მოვიგეთ? როგორ მოვიგებთ ომს, როდესაც ოკუპანტის ჩექმით ითელება ჩვენი მიწა. მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ - ესე იგი, ოკუპანტმაც ვერ მოიგო, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა ... საბაბი, რომ მეორედ და მესამედ რამე გაგვიკეთონ, ადვილი საპოვნელია - მათ აღიზიანებთ ქართული სახელმწიფოებრიობა. მარტო არ უნდა დავრჩეთ ამის წინაშე. ამიტომ არ გვაქვს ჩვენ სხვა ალტერნატივა. ამიტომ არ მიხარია ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც წამოვა საქართველოს მისამართით“.
სააკაშვილის თქმით, ახალი ხელისუფლების რიტორიკა ქვეყნის მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, პოლიციასა და ჯარს, აზრალებს და უმჯობესია, მათ ქვეყნის წინსვლის გაგრძელებასა და წინ წაწევაზე იზრუნონ, რისი შესაძლებლობაც, ჯერ კიდევ არის:
„ის, რაც ხდება თავდაცვის სამინისტროს მიმართ, აზარალებს ჩვენს ჯარს - ვიღაცამ ყური აუწია, ვიღაცამ ჯარისკაცები არბებინა, არ ვიცი, კანონი დაირღვა თუ არა - ამაზე არ ვლაპარაკობ - ჯარს აზარალებს. არ შეიძლება ასეთი რიტორიკა ყოველდღიურად. იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ ჯარისკაცს ვეღარ იშოვი, რომ შენი ქვეყანა დაიცვას, როცა ამის პროპაგანდას აწარმოებ. პოლიციის შიგნით მასობრივი დაპატიმრება აზრალებს ჩვენს პოლიციას - პოლიციაზე დგას ჩვენი უსაფრთხოება.
კიდევ ბევრი ნაბიჯია წინ გადასადგმელი იმისათვის, რომ ჩავუშვათ ღუზა მშვიდობიან, თავისუფალ და კეთილდღეობით აღსავსე ევროპული ერების ოჯახში. არ მივცეთ საშუალება ბრაზსა და სიმწარეს, რომელიც წარსულს უკავშირდება, კიდევ ერთხელ შეუშალოს ხელი ჩვენს სვლას მომავლისკენ.
... იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დროებითია, იმ გაგებით, რომ ჩვენ ყველანი ვისწავლით იმ სარგებლის კაპიტალიზაციას, რომელიც არსებობს და წინსვლას თითოეული თქვენთაგანის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა სააკაშვილმა.




