დღეს, 20 ნოემბერს, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ოქრუაშვილი მაინც პატიმრობაში დარჩება.
კორძაძის თქმით, ამის მიზეზია ის, რომ "ერთ საქმესთან დაკავშირებით უკვე არსებობს განაჩენი, რომლითაც მას მისჯილი აქვს 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა".
როგორც ადვოკატი აცხადებს, ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში სამართლიანი სასამართლოს იმედი ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ გაუჩნდა.
"ბატონი ირაკლის ჩამოსვლის მოტივი არის ის, რომ ერთი მხრივ, არ აპირებს მუდმივად სხვა ქვეყანაში ცხოვრებას, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში შექმნილმა ცვლილებებმა სამართლიანი სასამართლოს იმედი გაუჩინა - ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს, დაამტკიცოს თავისი სიმართლე, მათ შორის საპატიმროდან, რამდენ ხანსაც მოუწევს, იმდენ ხანს იქნება იქ", - აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
ამასთან, ოქრუაშვილის ადვოკატის განმარტებით, ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს და დაცვის მხარე "ნაბიჯ-ნაბიჯ" შეეცდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის უდანაშაულობის დამტკიცებას.
ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს სასამართლოში სამი ადვოკატი - ზვიად კორძაძე, დავით კორკოტაშვილი და მამუკა ჭაბაშვილი - დაიცავს. ადვოკატები, დღეს 16:00 საათისთვის ჩანიშნული სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ. კორძაძის თქმით, ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის მასალებს არ იცნობენ, ამიტომ ისინი სასამართლოს გონივრული ვადის გამოყოფას სთხოვენ.




