საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ კომენტარი გააკეთა.
წულუკიანის თქმით, ოქრუაშვილი საქართველოში ბიძასთან (ზურაბ გიგუაშვილი) ერთად გუშინ დაბრუნდა და იგი საზღვარზევე დააკავეს.
"ის, როგორც ძებნილი, დაკავებულია გიგუაშვილთან ერთად და შესახლებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩემი ვარაუდით, მისი დაბრუნება იმას ემსახურებოდა, რომ მან ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და იპოვოს სიმართლე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გააძევეს ის ქვეყნიდან და რაც არ უნდა დამნაშავედ ყოფილიყო მიჩნეული, არავის აქვს უფლება ძალით ჩასვას თავისი მოქალაქე თვითმფრინავში", - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.
"ვუერთდები პოზიციას, რომ ოქრუაშვილი ნაციონალური ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ყველა სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით უდანაშაულოა. ამას სჭირდება გამოძიება. არსებობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებასთან დაკავშირებული ბრალდება 2011 წლის მაისის მოვლენების წინ. დაგვხვდა ბევრი ეპიზოდი, როგორც სისხლის სამართლებრივი მემკვიდრეობა. ოქრუაშვილის დაბრუნების მიზანი ვფიქრობ არის, რომ მან აქ ამტკიცოს საკუთარი სიმართლე", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.




