აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ჰილარი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

3 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის მთავარი თემა ის პროგრესი იყო, რასაც საქართველომ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ასევე იმსჯელეს დეკემბერში დაგეგმილ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შესახებ.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული პროგრესის განხილვა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული ჩატარებისა და მთავრობის გადაბარების ფონზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღესვე ტელეფონით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს ესაუბრა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა მაია ფანჯიკიძეს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ჰილარი კლინტონმა და მაია ფანჯიკიძემ ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე ისაუბრეს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სატელეფონო საუბრისას ჰილარი კლინტონი და მაია ფანჯიკიძე საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხნენ. ჰილარი კლინტონმა მინისტრს არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება მიულოცა.

ჰილარი კლინტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნოემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტით მიიწვია.

ახალ მთავრობაში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს აქვთ მისწრაფება, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანდეს. ეს საკითხი უცვლელი რჩება და საბოლოო მიზანი NATO-ში გაწევრიანებაა. სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ჰქონდა დღეს საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, მას ასევე საუბარი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან. ეს იყო მისთვის შესაძლებლობა, რათა მინისტრისთვის მიელოცა დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე. საუბარი იყო იმ პროგრესზე, რომელსაც აღწევს საქართველო უკანასკნელ პერიოდში. ასევე, განიხილეს ის გზები, რითაც შეიძლება მოხდეს ამ პროგრესის ასახვა დეკემბერში, NATO-ს შეხვედრის დროს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

კომენტარები