უკრაინა

უკრაინა: კრივი, ოლიგარქები და არჩევნები

კვირას, 28 ოქტომბერს, უკრაინელი ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე  საკუთარ პოზიციას გამოხატავს და უკანასკნელი ორ-ნახევარი წლის მანძილზე ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის შედეგებს შეაფასებს. იანუკოვიჩი არჩევნების მოგებას დევიზით - „სტაბილურობა და კეთილდღეობა“, ფიქრობს.

კვლევების მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ „ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის“. კიდევ უფრო მეტს მიაჩნია, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ იქნება. 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, იანუკოვიჩმა საარჩევნო წესი შეცვალა - ახალი ცვლილებით, საპარლამენტო ადგილთა ნაწილი მაჟორიტარული სისტემით გადანაწილდება, რაც მის წისქვილზე ასხამს წყალს. იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის გამარჯვებას ხელს უწყობს მედიაკონტროლი და დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიებისთვის ლიცენზიის დაბლოკვა. მისი მთავარი მოწინააღმდეგე იულია ტიმოშენკოს პარტია მამულია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ტიმოშენკო და მისი მოკავშირე იური ლუცენკო დაპატიმრებულები არიან, მისი პარტია კი დემორალიზებული, იანუკოვიჩის  მეტოქეობა მათ გაუჭირდებათ. კვლევების მიხედვით, ამ ეტაპზე იანუკოვიჩს მხარს უჭერს 28%, ტიმოშენკოს - 19%, ვიტალი კლიჩკოს უკრაინის დემოკრატიულ ალიანსს რეფორმებისთვის (УДАР) კი - 17%. 5 პროცენტზე ცოტა მეტი მომხრე ჰყავს კომუნისტურ  პარტიას, რომელიც იანუკოვიჩის ალიანსში შედის.

არჩევნებს ინტერესი შემატა ვიტალი კლიჩკოს УДАР-ის გამოჩენამ. კრივში მსოფლიო ჩემპიონი  აპირებს, იანუკოვიჩს დარტყმა არჩევნებში მონაწილეობით მიაყენოს. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მისი პარტია იანუკოვიჩის მარიონეტული დანაყოფია, რომლითაც ერთიანი ოპოზიციისთვის ხმების წარმევას ცდილობს. „პოლიტიკა უკრაინაში არის ბრძოლა წესების გარეშე“, – განაცხადა კლიჩკომ Forbes-სთან ინტერვიუში. მან უარი თქვა შეერთებოდა  გაერთიანებულ ოპოზიციას და ამის მიზეზად მამულის და მემარჯვენე თავისუფლების პარტიის მიერ მაჟორიტართა რაოდენობაზე შეუთანხმებლობა დაასახელა. ხოლო ერთიანი ოპოზიციის განცხადებით, კლიჩკოს უბრალოდ არ სურს მათთან „სერიოზული მოლაპარაკებები“. მეორე მოსაზრებით, კლიჩკო პარლამენტში მოხვედრას ცდილობს, რის შემდეგაც, წარმატებულ ძალასთან ჩამოაყალიბებს კოალიციას.

2010 წლის თებერვალში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იანუკოვიჩმა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის დაწესებით მოახერხა, პრეზიდენტისთვის დაებრუნებინა ძალაუფლების დიდი ნაწილი, რომელიც ვიქტორ იუშჩენკოს ინიციატივით ხელისუფლების სხვა დანაყოფებზე იყო გადანაწილებული. გარდა ამისა, ქრონიზმი და ნეპოტიზმი უკრაინაში ყოველდღიურ პრაქტიკად იქცა. იანუკოვიჩის ოჯახის წევრებმა ახალ ბიზნესებს მიჰყვეს ხელი. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დასავლეთი იანუკოვიჩს უნდობლობით ეკიდება. საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირისა და ამერიკისთვის იქნება მანიშნებელი იმისა, თუ როგორი პოლიტიკა გაატარონ უკრაინის მიმართ. დიდი ალბათობით, არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში, ბრიუსელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე კიევს საბოლოო უარს ეტყვის.

კვლევების მიხედვით, უკრაინელი მოსახლეობის უმრავლესობას სურვილი აქვს, ევროკავშირს შეუერთდეს. თუმცა, მას შემდეგ რაც იულია ტიმოშენკო ძალაუფლების გადაჭარბებისთვის დააპატიმრეს, ევროკავშირმა უკრაინასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. იანუკოვიჩი მოვლენების განვითარებას ელოდება და იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში დასავლეთი ამ ამბავს დაივიწყებს. პარალელურად, უკრაინას საერთო საბაჟო გაერთიანების წევრობას მოსკოვიც სთავაზობს. ევროპის უარის შემთხვევაში, იანუკოვიჩს ერთადერთ ალტერნატივად მხოლოდ კრემლის კარი დარჩება.

დასავლეთთან ერთად, იანუკოვიჩი უკმაყოფილებას უკრაინელ სამრეწველო მაგნატებშიც იწვევს. ოლიგარქების მხარდაჭერამ რეგიონების პარტიისადმი იკლო. მის მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენების რიცხვი შემცირდა. ამის მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტის გარემოცვის ფავორიტი ბიზნესმენები ცდილობენ საკუთარი მოგების გაზრდას სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესების ხარჯზე. იანუკოვიჩის სანათესავოს მიერ უსაფრთხოების სამსახურების და ბიზნესის სააგენტოების კონტროლმა, მისი რეჟიმის მხარდამჭერი ოლიგარქები მის საწინააღმდეგოდ შემოაბრუნა.

მომავალი არჩევნები უკრაინელი მაგნატებისათვის იანუკოვიჩთან დაპირისპირების უკანასკნელი შანსია. მაჟორიტარობის მსურველ კანდიდატებს რეგიონების მაგნატების ფინანსური მხარდაჭერის გარეშე გამარჯვება გაუჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ისინი ამ უკანასკნელთა მიმართ უფრო მეტად იქნებიან ლოიალურები, ვიდრე იანუკოვიჩისადმი.

არჩევნებზე მონიტორინგს 3000-მდე ამერიკელი და ევროპელი დამკვირვებელი განახორციელებს. თუ ხმის მიცემა დარღვევების ფონზე ჩაივლის, არაა გამორიცხული, იანუკოვიჩის ავტორიტარული პოლიტიკით გაღიზიანებული ამომრჩეველი ქუჩაში გამოვიდეს. იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოსვლას 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციით გამოწვეულმა არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შეუწყო ხელი. დღეს უკრაინის დემოკრატია გამოწვევების წინაშეა. ხვალინდელი არჩევნები მისი მომავლის ინდიკატორი იქნება.

კომენტარები