ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის სამი მოადგილის ვინაობა ცნობილია. საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იქნება, რომელიც 18 წელი მუშაობდა ამ უწყებაში. ფანჯიკიძის მეორე მოადგილე გუგა ხელაიაა, რომელსაც, მინისტრის განცხადებით, საგარეო უწყებაში არ უმუშავია, თუმცა გამოცდილი ფინანსისტი და ეკონომისტია და მას სამინისტროში შესაბამისი საკითხების კურირება დაევალება.
ახალი მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე იქნება, რომელსაც მაია ფანჯიკიძემ პოსტზე დარჩენა შესთავაზა. ფანჯიკიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაირკვევა, თუ ვინ დაიკავებს დანარჩენი ორი მოადგილის პოსტს. ასევე, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქართულ დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
საგარეო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აგრეთვე აღნიშნა, რომ საგარეო პრიორიტეტები არ შეიცვლება - ეს იქნება ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება უშუალო მეზობლებთან და დიალოგის დაწყების მცდელობა რუსეთის ფედერაციასთან. ასევე, ქვეყნის უმთავრესი მიზანი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა.
"საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა, მას აქვს ორი საელჩო სოხუმსა და ცხინვალში და ვიდრე ეს ფაქტი იარსებებს, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება.” - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
დღეს მაია ფანჯიკიძე, ასევე, საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.




