პაკისტანის მთავრობამ 14 წლის მალალა იუსაფზაი, რომელიც მოძრაობა თალიბანის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა, დიდ ბრიტანეთში სამკურნალოდ გადაიყვანა. ქვეყნის ხელისუფლებამ გოგონას გადასაყვანად სპეციალური თვითმფრინავი გამოყო, უსაფრთხოების მიზნით მისი კონკრეტული ადგილსამყოფელი არ კონკრეტდება.
ექიმების შეფასებით, ახალგაზრდა აქტივისტს მკურნალობის ხანგრძლივი კურსის გავლა სჭირდება, რათა თავდასხმის შედეგად მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმებისგან გათავისუფლდეს.
მალალა იუსაფზაის, რომელიც პაკისტანში გოგონების უფლებების დამცველის სახელითაა ცნობილი, თალიბებმა ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც იგი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. პაკისტანელი გოგონა ყურადღების ცენტრში 2009 წელს მოექცა, როდესაც ინტერნეტში საკუთარი ბლოგის წარმოება დაიწყო, სადაც იგი ქვეყანაში თალიბების ქმედებების შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ წერდა.




