ქართული ოცნება სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანათავმჯდომარეობით მიმდინარე სამშვიდობო პროცესს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.
”საქართველოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთანავე, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ამ შეხვედრებში და კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ ჟენევის ფორმატის ყველა მონაწილესთან, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებზე.
გარდამავალ ეტაპზე, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ ჟენევის შეხვედრებში მონაწილე საქართველოს დელეგაციასთან, რათა ახალი მთავრობის მიერ დანიშნული წარმომადგენლებისათვის მოვალეობათა გადმოცემა მოხდეს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად, წინასწარი კონსულტაციების აუცილებლობის გათვალისწინებით.” - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ქართული ოცნება აგრეთვე, აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოზიტიურ როლს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და მზადყოფნას აცხადებს მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებები, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. პირველი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მეორე კი – ჰუმანიტარულ თემებს. მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის, ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევის დისკუსიების მომდევნო 21–ე რაუნდი 11-12 ოქტომბერსაა დაგეგმილი.




