საპროტესტო აქცია

მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის შენობასთან ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი გაიმართება

6 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით გავრცელდა მოქალაქეების განცხადება, რომელიც 5 ოქტომბერს მწერალი ზაზა ბურჭულაძის ცემის ფაქტს ეხმიანება და პოლიციას თავდასხმის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.  
”ჩვენ ვაპროტესტებთ ძალადობას, ფაშიზმს, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, სიძულვილს! ვიკრიბებით მთაწმინდა-კრწანისის პოლიციის სამმართველოსთან და მოვითხოვთ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას. გამოხატე პროტესტი, ხვალ შეიძლება შენ იყო მოძალადეთა მორიგი მსხვერპლი”, - წერია განცხადებაში.   
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მტკიცებით, 5 ოქტომბერს, რუსთაველის პროსპექტზე თავს დაესხნენ მწერალ ზაზა ბურჭულაძეს, რის შედეგად მან ტვინის შერყევა მიიღო. 
შეგახსენებთ, რომ ზაზა ბურჭულაძემ დაგმო გაზეთ ასავალ–დასავალის სიძულვილის გამღვივებელი პუბლიკაცია. მოგვიანებით კი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში მწერალი ზაზა ბურჭულაძე  და გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ზაზა დავითაია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რასაც მწერლის მიმართ მუქარა მოჰყვა. 
”ჩვენ, ასავალ–დასავალისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა, ამიტომ (მიუხედავად ბევრი საეჭვო ფაქტორისა) წინმსწრებად არ ვამბობთ, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო აგრესორი და რას უნდა გამოეწვია ეს აგრესია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში ძალადობა უნდა აღიკვეთოს და არტისტის, ისევე, როგორც ნებისმიერი პროფესიის ადამიანის, თვითგამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული” - ნათქვამია განცხადებაში. 
საგულისხმოა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-ზე   ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  თავად დაზარალებული, მწერალი ზაზა ბურჭულაძე, არ აპირებს თავდამსხმელებს პოლიციაში უჩივლოს. 

კომენტარები