მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და კოალიცია ქართული ოცნების საკონსულტაციო ჯგუფების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. როგორც საკონსულტაციო ჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მხარეებმა შეხვედრაზე პრინციპულ შეთანხმებებს მიაღწიეს.
,,შეხვედრამ ჩაიარა საქმიან, ცივილიზებულ ატმოსფეროში, საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის ფორმირებაში გადის. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ იმისთვის, რომ მთავრობის გადაბარება კონსტიტუციის ფარგლებში დასრულდეს სწრაფად, მშვიდობიან და საქმიან ატმოსფეროში.’’-განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ.
კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, შეხვედრები ორშაბათიდან განახლდება.
,,შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა, ეს კონსულტაციები უკვე კონკრეტიკით გაგრძელდება ორშაბათს. ჩვენ გვქონდა საუბარი იმ საკითხებზე, რომ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს სტაბილურობის შენარჩუნებაა. ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის დაკომპლექტებისთვის მოემზადება. პრინციპული შეთანხმება ამ საკითხებზე შედგა.’’-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მხარეები ერთმანეთისთვის პრობლემების შექმნას არ აპირებენ და პოლიტიკური კრიზისის საფრთხე არ არსებობს.
,,ვფიქრობ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული დასაწყისი იმ პროცესის, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება - ეს არის ხელისუფლების მშვიდობიანად და დემოკრატიულად გადაცემა. მთავარი რაც გამოაჩინა დღევანდელმა შეხვედრამ, გახლავთ ის რომ ორივე მხარე სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას რომელიც გვეკისრება ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე. ორივე მხარე არის მოწოდებული რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული.’’-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, შეხვედრაში ქართული ოცნების მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი, ხოლო ხელისუფლებას გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და პავლე კუბლაშვილი წარმოადგენდნენ.





